სექტემბრის გიოტინგენი — დაფოთლილი, ჯერაც ღაჟღაჟა ბროწეულისფერი ფოთლებით, შიგადაშიგ მანდარინის ქერქის მსგავსად მომწვანო და მოყვითალო გრადაციებში გახვეული ხეები და ოქროსფერშერეული ნაძვები, მშვიდი შემოდგომის ქუჩები, ფერადი სახლები, შხაპუნა წვიმა, სველ ველობილიკზე მოშხრიალე საბურავები, ბაღები და უშველებელი მდელოები. ქალაქი, სადაც ლაგარდის სახლია და სადაც ერთი თვე მოგონებებს ვქმნიდი. აეროპორტში ტაქსი 3 საათით ადრე დავჯავშნე და დათქმულ დროზე საათნახევრით ადრე მივედი. რომ გეკითხათ, არ ვღელავდი. თუმცა, მართლაც, არ ვღელავდი, უფრო აღტაცება და მომავალი ერთი თვის მოლოდინები მიპყრობდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის სახელობის ფონდში გრანტზე ( https://www.humboldt-foundation.de ) განაცხადი შევიტანეთ (საპროექტო წინადადება თავის თავში მცირე წინასწარმეტყველთა შემცველ ძირითად ხელნაწერთა პროგრამულ ტრანსკრიბირებას მოიცავდა), ჩვენი ხელმძღვანელის, პროფ. ანა ხარანაულის უშუალო ხელმძღვანელობით. ამავე უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა გრანტის წერა-შევსება-თარგმნის პროცესიც,...