Skip to main content

ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოების სიმპოზიუმი ზალცბურგში (SBL 2022)

 

 

1880 წელს აშშ-ში დაარსებული ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოება (SBL) არის უძველესი და უდიდესი ორგანიზაცია, რომლის მიზანია ბიბლიური კვლევების ხელშეწყობა. სხვადასხვა ტიპის საქმიანობასთან ერთად, საზოგადოება მართავს ყოველწლიურ, საერთაშორისო და რეგიონალურ  სიმპოზიუმებს (https://www.sbl-site.org/).

პირველად SBL-ის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე 2013 წელს მოვხვდი სენტ ენდრიუსის ცნობილ უნივერსიტეტში (შოტლანდია). მაშინ მაგისტრატურა ახალი დამთავრებული მქონდა და დიდი პასუხისმგებლობა იყო ასეთი მასშტაბის საერთაშორისო სიმპოზიუმზე მოხსენებით წარდგომა. დღესაც მახსოვს, როგორ ვღელავდით მე და ნათია მიროტაძე, ჯერ დამსწრე საზოგადოების გვეშინოდა და მერე (უფრო მეტად) ჩვენი ხელმძღვანელის – ანა ხარანაულის ვერდიქტის. მაშინ ქართული ბიბლიის შესახებ ჯერ კიდევ არ იყო ინტერესი საერთაშორისო საზოგადეობაში, ჯერაც პოპულარული იყო ქართული ბიბლიის მეორეული თარგმანის თეორია და ამიტომაც მას, როგორც სეპტუაგინტას თარგმანის თარგმანს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ანა ხარანაულის (და არამარტო) დაუღალავმა ძალისხმევამ და ბიბლიის ტექსტოლოგიაში აპრობირებული მეთოდოლოოგიის დანერგვამ ქართული ბიბლიური ტექსტების კვლევისას და საკვლევი მასალის სწორმა, აქტუალური პრობლემატიკის გათვალისწინებით, შერჩევამ, ნელ-ნელა დაანახა უცხოელ მეცნიერებს ქართული ბიბლიის მნიშვნელობა სეპტუაგინტას კვლევის საკითხებში, დაიწყო ქართული ვარიანტების შეტანა სეპტუაგინტას ბერძნული გამოცემების აპარატში, ქართველ მეცნიერთა ჩართვა საერთაშორისო პროექტებში; და აი, 2022 წლის 17-21 ივლისს ზალცბურგში (ავსტრია) გამართულ SBL-ის საერთაშორისო სიმპოზიუმზე უკვე ორი სექცია მიეძღვნა ქართულ ბიბლიას.

 


სიმპოზიუმი 1622 წელს პრინც არქიეპიკოპოს პარის ლორდონის მიერ დაარსებულ ზალცბურგის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელიც დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასწავლო და კვლევითი ცენტრია ევროპაში სხვადასხვა მიმართულებით. სიმპოზიუმი პომპეზურად – ზალცბურგის უნივერსიტეტის რექტორის, დეკანების, სიმპოზიუმის ორგანიზატორების, ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოების წევრების მისალმებებითა და მუსიკალური პაუზების თანხლებით (აბა, მოცარტის ქალაქში ბაროკოს მუსიკის გარეშე როგორ იქნებოდა?!) გაიხსნა, რასაც მოჰყვა მიღების ვახშამი უნივერსიტეტის ეზოში. პანდემიის შემდეგ ერთმანეთის ნახვას მონატრებული კოლეგების შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა, ვნახეთ ძველი მეგობრები, შევიძინეთ ახალი ნაცნობები... მეორე დილას (8:30 საათზე!) დაიწყო სიმპოზიუმის  მუშაობა, პარალელურ სესიებში 550-მდე მეცნიერი იღებდა მონაწილეობას. მსოფლიოში სახელგანთქმულ ბიბლიის მკვლევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო ასევე ჩვენი დელეგაცია საქართველოდან – ანა ხარანაული, ლალი ვაშაყმაძე, თამარ მაგრაქველიძე, ხათუნა გაფრინდაშვილი, ჩვენი „ზალცბურგელი“ მასპინძელი ნათია მიროტაძე და მე.



 

წლევანდელი სიმპოზიუმის ორგანიზატორი კრისტინ დე ტროიერი იყო, რომელსაც პირველად გეტინგენის საზაფხულო სკოლაში შევხვდი 2010 წელს, მას შემდეგ საქართველოშიც იყო ჩამოსული, ახლა კი ზალცბურგის უნივერსიტეტში თავად გვიმასპინძლა. იგი ბიბლიური კვლევებისა და ეკლესიის ისტორიის დეპარტამენტში უკვე 3 წელია ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროექტს ესთერის წიგნის შესახებ, რომლის ქართველი წევრიც ნათია მიროტაძეა. კრისტინის მოღვაწეობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს შექმნას ახალი საერთაშორისო სამეცნიერო კერა და ასევე, თუ როგორ უწყობს უნივერსიტეტი ამაში ხელს საკუთარი პრესტიჟის ასამაღლებლად. დღეს  ზალცბურგში ბიბლიური კვლევების საერთაშორისო სკოლა იქმნება და სასიხარულოა, რომ ამ პროცესში ქართული თემატიკა და ქართველი მკვლევრები მთელი სისრულითაა ჩართული.  

გარდა აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობისა, კრისტინი ასევე არაჩვეულებრივი, ენერგიული ორგანიზატორიცაა. წარმოუდგენელია, როგორ მოახერხა მარტომ ამხელა სიმპოზიუმის გამათვა – ყველა დეტალზე ჰქონდა ნაფიქრი, ყველაფერს თავად ამოწმებდა, ყველას განწყობაზე ზრუნავდა... თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბიუროკრატიული სირთულეები არ ეღობებოდა წინ და არ უმძიმებდა ორგანიზატორის ისედაც რთულ მოვალეობებს. სენტ ენდრიუსშიც კრისტინი იყო ორგანიზატორი, მაშინ იგი ამ ცნობილი უნივერსიტეტის ვიცე რექტორი იყო. მისი შვილი დავითი, ჯერ სულ პატარა, უკვე ჩართული ჰყავდა სიმპოზიუმის საორგანიზაციო საქმიანობაში და შესვენებაზე ბელგიური შოკოლადებით გამასპინძლება ევალებოდა. ისეთი საყვარელი იყო მეშოკოლადე პატარა დავითი, რომ მაშინ ფოტო გადავუღე. ახლა კი ზალცბურგში იმავე მისიით უკვე სტუდენტი დავითი მოგვევლინა. ამჯერად ფოტო დედამისმა გადაუღო და შემდეგ გამოაქვეყნა 9 წლის სხვაობით გვერდი-გვერდ შოკოლადების მცველი დავითი.  


 


კრისტინი ქართველი მონაწილეების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. ჯერ ლალის და თამუნას, როგორც სტუდენტებს, აუნაზღაურა ბიბლიის საზოგადოების ფონდიდან მგზავრობის, ცხოვრებისა და ყოველდღიური ხარჯები. შემდეგ მე და ხათუნა გაგვათავისუფლა კონფერენციის გადასახადისგან – აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ბრენინკმაიერი, რომელიც ზაცბურგის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორია, დიდსულოვნად ეხმარება თავისი ფონდიდან სიმპოზიუმის მონაწილეებს, ვისაც საკმარისი შემოსავალი არ აქვს და კრისტინის წყალობით, ჩვენც ამ სიაში აღმოვჩნდით. აქვე, დიდი მადლობა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რომელმაც გზისა და დღიური ხარჯები გამოგვიყო მე და ხათუნას, ხოლო ნათია მიროტაძემ შეგვიფარა თავისთან. კრისტინის ყურადღების შესახებ რომ გავაგრძელო – უკლებლივ ყველა ქართველი დაგვპატიჟა სიმპოზიუმის დახურულ ვიწრო წრის ვახშამზე ავსტრიული ტრადიციული სამზარეულოს  რესტორანში.

სიმპოზიუმის პარალელურ სესიათაგან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სეპტუაგინტასადმი მიძღვნილი სესიები იყო, ამიტომაც ძირითადად მათ ვესწრებოდით. თვალშისაცემი იყო მოსმენისა და კითხვის დასმის, დისკუსიის კულტურა (და ეს ყველაფერი დროის რეგლამენტის უმკაცრესი დაცვით!); იგრძნობოდა, რომ კითხვები ფორმალურად კი არ ისმებოდა, არამედ იმისთვის, რომ მართლა აინტერესებდათ კოლეგების აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ან საკუთარი გამოცდილების გაზიარება სურდათ. სამეცნიერო დისკუსიები გრძელდებოდა შესვენებებსა და არაფორმალურ შეხვედრებზე.


 


სიმპოზიუმის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია ზალცბურგის ბიბლიოთეკაში იქ დაცული ხელნაწერების სანახავად. ბიბლიოთეკარმა დაგვათვალიერებინა შუასაუკუნეების უნიკალური ხელნაწერები. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მინიატურულმა ფსალმუნმა (Psalterium Sancti Ruperti) და თავად ბიბლიოთეკის შენობამ მონასტრის ტერიტორიაზე.

 


საერთოდ, ამგვარი კონგრესების მიზანია, ერთმანეთს გაუზიარონ კოლეგებმა თავიანთი ნააზრევი, მიღწევები; რაშიც ეჭვი ეპარებათ, დააზუსტონ, თავადაც დარწმუნდნენ და სხვებსაც დაანახონ, რომ სწორი მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი კვლევა. ასეთ შეკრებებზე წარმოჩნდება ხოლმე სკოლები და მიმართულებები (მაგ., ესპანური, ფინური, ბელგიური სკოლები) და ამჯერად თვალსაჩინო იყო ქართული დელეგაცია, რასაც ყველა აღნიშვნავდა.

 


ჩვენი სექციები 20 ივლისს გაიმართა. წარმოდგენილი მოხსენებები სეპტუაგინტას ტექსტის ისტორიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხებს ეძღვნებოდა:  ნათია მიროტაძემ ესთერის წიგნის ქართულ თარგმანზე ილაპარაკა, ჩემი მოხსენება ტობის წიგნის ქართულ თარგმანსა და მის ელექტრონულ გამოცემას ეხებოდა, თამარ მაგრაქველიძემ ზაქარიას ქართული თარგმანის წარმომავლობის შესახებ ისაუბრა, ლალი ვაშაყმაძის მოხსენება ივდითის წიგნის ქართულ თარგმანში დადასტურებული დუბლეტების შესახებ იყო, ხოლო ხათუნა გაფრინდაშვილი გახლდათ ერთადერთი მონაწილე სიმპოზიუმისა, რომელმაც სომხური ბიბლიის შესახებ წარმოადგინა მოხსენება. სესიის თავმჯდომარემ, ტუკა კაუჰანენმა ჰელსინკის უნივერსიტეტიდან, ხაზი გაუსვა ქართველი მომხსენებლების გამართულ მეთოდოლოგიას და ტექსტებზე ორიენტირებული კვლევების მნიშვნელობას. ამასთან, დიდი დანანებით აღნიშნა, რომ სათანადოდ ჯერაც არ არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაფასებული ბიბლიის ძველი ქართული თარგმანები და იმედი გამოთქვა მომავალ სიმპოზიუმებზე ქართველ მეცნიერთა აქტიურ მონაწილეობასა და სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

 


ანა ხარანულის მოხსენება „The readings of the alternative Greek translations in the Georgian Minor Prophets“ სეპტუაგინტასადმი მიძღვნილ დასკვნით სექციაზე იყო წარმოდგენილი – როგორც ემანუელ ტოვმა იხუმრა, ბოლო სიტყვა სეპტუაგინტაზე ქართველებმა თქვეს. მართლაც, ქართველ მკვლევართა ყველა მოხსენება, გარდა საკუთრივ ქართული პრობლემატიკისა, ეხებოდა ბიბლიის ტექსტის ისტორიის პრობლემებს და ქართული თარგმანების წვლილს ამ პრობლემების გადაწყვეტაში.

 

ნათია დუნდუა

 


  

Comments

Popular posts from this blog

გიოტინგენური ქრონიკები III, ანუ ევროპაში რა გვინდ(ოდ)ა

გიოტინგენური ქრონიკების პირველი ორი ნაწილიდან ( 1 , 2 ) უკვე მოგეხსენებათ, რომ სამი თვის განმავლობაში ქართული ბიბლიის კვლევის ჯგუფი სხვადასხვა შემადგენლობით ჰუმბოლდტის ფონდის ინსტიტუციური თანამშრომლობის გრანტის ფარგლებში გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტში იმყოფებოდა სამუშაოდ. ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდის გიოტინგენში გატარება მე (ნათია მიროტაძეს), თამარ მაგრაქველიძესა და თინათინ ჯიქურაშვილს გვერგო. არც ფერთა სიუხვე მოჰკლებია გიოტინგენს, არც საშობაო ბაზრობა და გლუვაინის სურნელი... სათქმელ-მოსაგონარიც ბევრია, მაგრამ ახლა ის უნდა გითხრათ, თუ რა გვინდოდა ევროპაში, ოღონდ ყველაფერი სულ თავიდან უნდა დავიწყო და ორიოდ სიტყვით უნდა ვთქვა, რა არის სეპტუაგინტა და გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტი.  სეპტუაგინტა, ანუ ბიბლიის სამოცდაათის თარგმანი თუკი ბიბლიაზე მუშაობ, სულ ერთია რომელენოვან თარგმანზე, ან თუ ფილოლოგიის შესავალი გაგივლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაშასადამე, სეპტუაგინტა შენი ყოველდღიურობის ნაწილია.  თუ არც ერთ ზემოხსენებულ ...

გიოტინგენის ქრონიკები II – ლაგარდის სახლი და იოანე ზოსიმე

ჩემი პირველი მოგზაურობა გერმანიაში, ჩემდა გასაკვირად, და, ამასთანავე, სასიხარულოდ, საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. მოგზაურობას თან ახლდა შფოთვები, უსაფუძვლო შიშები, როგორებიცაა სიახლის, ფრენის, რაიმე ნივთის ანდა ჩემი თავის დაკარგვისა... თუმცა გამიმართლა და მარტოს არ მომიწია პირველად მოგზაურობა ევროპაში, მგზავრობისას ჩემი მთავარი მოვალეობა იყო, ლალი ვაშაყმაძეს და ნათია დუნდუას არ ჩამოვრჩენოდი (რაც არცთუ ისე ადვილი ამბავია).   მოკლედ, რადგან ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა, როგორც ნინო გიორგაძემ დამიწერა, პირველი გაევროპელება, ბლოგის დაწერაც მე დამევალა. მართალია, არ გამოვირჩევი ენაწყლიანობით, თუმცა ვეცდები, ჩემი თვალით დანახული გიოტინგენი თქვენც დაგანახოთ . უკვე იცით წინა ბლოგიდან  (იხ. გიოტინგენის ქრონიკები I – ტრანსკრიბირება, შოკოლადის პუდინგი და ორგანი ) , თუ რა იყო ჩვენი გერმანიაში გამგზავრების მიზეზი და მიზანი, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები . გაგვიმართლა, გიოტინგენში ყოფნა მოგვიწია ისეთ დროს, როცა შეგვეძლო ნათლად დაგვენახა სეზონის ცვლილება, ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ყოველ დილით ...

გიოტინგენის ქრონიკები I – ტრანსკრიბირება, შოკოლადის პუდინგი და ორგანი

სექტემბრის გიოტინგენი — დაფოთლილი, ჯერაც ღაჟღაჟა ბროწეულისფერი ფოთლებით, შიგადაშიგ მანდარინის ქერქის მსგავსად მომწვანო და მოყვითალო გრადაციებში გახვეული ხეები და ოქროსფერშერეული ნაძვები, მშვიდი შემოდგომის ქუჩები, ფერადი სახლები, შხაპუნა წვიმა, სველ ველობილიკზე მოშხრიალე საბურავები, ბაღები და უშველებელი მდელოები. ქალაქი, სადაც ლაგარდის სახლია და სადაც ერთი თვე მოგონებებს ვქმნიდი.  აეროპორტში ტაქსი 3 საათით ადრე დავჯავშნე და დათქმულ დროზე საათნახევრით ადრე მივედი. რომ გეკითხათ, არ ვღელავდი. თუმცა, მართლაც, არ ვღელავდი, უფრო აღტაცება და მომავალი ერთი თვის მოლოდინები მიპყრობდა.  ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის სახელობის ფონდში გრანტზე ( https://www.humboldt-foundation.de ) განაცხადი შევიტანეთ (საპროექტო წინადადება თავის თავში მცირე წინასწარმეტყველთა შემცველ ძირითად ხელნაწერთა პროგრამულ ტრანსკრიბირებას მოიცავდა), ჩვენი ხელმძღვანელის, პროფ. ანა ხარანაულის უშუალო ხელმძღვანელობით. ამავე უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა გრანტის წერა-შევსება-თარგმნის პროცესიც,...