ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2012 წელს ეკლესიასტეს ბერძნული ტექსტის გამომცემელმა პიტერ ჯენტრიმ მომმართა თხოვნით, ქართული თარგმანი შემედარებინა ბერძნული წყაროებისთვის. შედარებამ გვიჩვენა, რომ ეკლესიასტეს ქართული თარგმანი შესრულებულია ბერძნულიდან და მისი დედანი უნდა მომდინარეობდეს ეგვიპტური ტექსტუალური ტრადიციის ადრეული ჯგუფიდან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ქართულ თარგმანს ეკლესიასტეს ბერძნული ტექსტის ისტორიისთვის. ამრიგად, 2019 წელს გიოტინგენის სეპტუაგინტას გამოცემისა და კვლევის კომისიის მიერ გამოქვეყნდა XI,2 ტომი – ეკლესიასტეს ტექსტის კრიტიკული გამოცემა, რომელშიც სეპტუაგინტას გამოცემებს შორის პირველად კრიტიკულ აპარატში შევიდა ქართული მასალაც.
გავიდა ხანი და 2022 წელს გამოცხადდა ევროკავშირისა და DAAD-ს ერთობლივი საგრანტო კონკურსი ქართველი მეცნიერებისთვის (EU fellowships for Georgian researchers, 2023), სადაც ჩვენი მამოძრავებელი ძალის – ანა ხარანაულის მოთხოვნით(!) წარვადგინე პროექტი „ეკლესიასტეს ქართული თარგმანის ელექტრონული სინოპტიკური გამოცემა“ (The electronic synoptic edition of the Georgian translation of Ecclesiastes), რომლის გამარჯვების შემთხვევაშიც 3 თვის განმავლობაში ვიმუშავებდი ჰელსინკის უნივერსიტეტში. საკვლევად ევროპის ნებისმიერი უნივერსიტეტის არჩევა შეგვეძლო კონკურსანტებს, ყველას უკვირდა, რაღა ფინეთი აირჩიე, სად ფინეთი და სად ბიბლიაო? მართლაც, ამ 5 მილიონიანმა ქვეყანამ ქრისტიანობა ლამის ახლახან მიიღო, მაგრამ დღეს ბიბლიის კვლევის ერთ-ერთ წამყვან სკოლად ითვლება მსოფლიოში. სიმართლე გითხრათ, გამარჯვების მოლოდინი თითქმის გადამეწურა მას შემდეგ, რაც გასაუბრებაზე მისვლისას ჩემ გვერდით ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიის სპეციალისტი, იურისტი, ფსიქოლოგი, ბიოლოგი და კიდევ მრავალი ცნობილი მეცნიერი აღმოვაჩინე; ვიფიქრე, ვის დააინტერესებს ჩემი ბიბლიის ფილოლოგია-მეთქი. გასაუბრებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 5 უცხოელი ექსპერტი გვიტარებდა. ინტერვიუს ბოლოს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მკითხა, რას მოგცემს ეს პროექტიო, მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რამდენ კარგ რამეს მომცემდა და გულუბრყვილოდ ვუპასუხე, გამოვა თუ არ გამოვა, მე მაინც გავაკეთებ, რადგან ესაა ჩვენი საქმე და ცხოვრების წესი-მეთქი; მერე ცოტას კი ვნანობდი, ეს რამ მათქმევინა-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, არ იმოქმედა საბოლოო გადაწყვეტილებაზე და 2023 წლის იანვრის ბოლოს მამცნეს სასიხარულო ამბავი ჩემი პროექტის გამარჯვების შესახებ.
ჰელსინკიში მანამდე
2014 წელს ვიყავი, ანა ხარანაული იყო მაშინ კვლევითი სტიპენდიით ჰელსინკის უნივერსიტეტში,
მე კი – ფრანკფურტში და თავის დაბადების დღეზე მიმიწვია რამდენიმე დღით, დაუვიწყარი
კრუიზიც მომიწყო სტოკჰოლმში... ამჯერად უკვე მე მივდიოდი 3 თვიანი სტიპენდიით. მოგეხსენებათ,
ფინეთში 9 თვე ბნელა და 3 თვე ნათელია, გამიმართლა და სწორედ ამ 3 თვეს დაემთხვა ჩემი
ჰელსინკიში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც განმიცდია, მაინც ძალიან უჩვეულო
იყო, არასდროს რომ არ ბნელდებოდა – დადიხარ ქუჩაში, ნათელია, მაგრამ ატყობ, რომ რაღაც
უცნაურობაა, ღამისეული სიჩუმე და სიმყუდროვეა, მხოლოდ მერე გახსენდება, რომ უკვე ღამის
11 საათია, მზის ჩასვლის ყურებით კი სულ ახლახანს დატკბი. მზე კი, აკა მორჩილაძეს რომ
დავესესხოთ, „გადადიოდა ათასი ბოდიშით, თავის დაკვრით, ხელზე ამბორით, უეჭველად დაბრუნების
პირობით, შლაპის კიდეზე თითების უაღრესად დახვეწილი შეხებით და გადადიოდა ისე, თითქოს
არ უნდა, თავისი წასვლა ერთბაშად გაგრძნობინოს“.
ჩემი მასპინძელი ჰელსინკის
უნივერსიტეტში ტუკა კაუჰანენი
იყო. ტუკა და მისი ჯგუფი მუშაობს სეპტუაგინტასა და მისი ძველი ვერსიების ელექტრონულ
გამოცემებზე, ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა, მენახა მათი მუშაობის სტილი, მეთოდოლოგია
და გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ჩვენი გამოცდილება. გარდა ანა ხარანაულის ავტორიტეტისა,
ტუკას 2022 წელს ზალცბურგში გამართული ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოების სიმპოზიუმიდანაც
ვახსოვდი, სადაც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი იყო. იქ ტობის წიგნის ქართული თარგმანის
ელეტრონულ გამოცემას ეხებოდა ჩემი მოხსენება, ამიტომაც სიხარულით გამომიგზავნა ყველა
საჭირო საბუთი თუ თანხმობა კონკურსისათვის. ბინის შერჩევაში დახმარებაც თვითონ შემომთავაზა
და ერთობლივად დავჯავშნეთ უნივერსიტეტის სასტუმრო-საერთო საცხოვრებელი Töölö Towers (დაუვიწყარი
საუზმით, გარემოთი, ფინური აბანოთი და ა.შ.). უნივერსიტეტში
გამზადებული დამახვედრეს ოთახი, რომელსაც დოქტორანტ ანა-ლიზა რაფაელთან ერთად ვიყოფდი.
არაჩვეულებრივი პირობები იყო სამუშაოდ, შემოსასვლელში თაროებზე ჩამწკრივებული თეოლოგიურ-ფილოსოფიური
ხასიათის ლიტერატურა, სპეციალური ოთახი სავსე საკანცელარიო ნივთებით, რომლებიც შეგეძლო
გამოგეყენებინა, სამზარეულო უფასო ყავის აპარატით, დაჯექი და იმუშავე, რამდენიც გინდა...
თუ გარემოს შეცვლა მოგინდა, იქვეა ცენტრალური
ბიბლიოთეკა, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, საკერავი, საბეჭდი, სამუშაო,
საბავშვო კუთხეებითა და კინოთი. აქ პირველად ვნახე 3D პრინტერი, სადაც ვირტუალური ფაილიდან
ეს მშვენიერი სოკო გამოვჩეკეთ 70 ცენტად.
განსაკუთრებით
დატვირთული და საინტერესო იყო უნივერსიტეტში ჩემი ვიზიტის პირველი ნახევარი, სანამ
სრულიად ჰელსინკი ქალაქგარეთ თავიანთ ტბებსა და ტყეებში გაიხიზნებოდა. დიახ, აქ პირველად
შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ტყეების მფლობელები იყვნენ, თურმე მთავრობა ურიგებს მოსახლეობას
ტყის ნაწილებს (თუ გაუმართლებთ, სანაპირო ზოლსაც) იმ პირობით, რომ მოუვლიან. მაგალითად,
ახალი ჩასული ვიყავი, მარიკა პულკინენმა (რომელსაც სეპტუაგინტას საზაფხულო სკოლიდან
ვიცნობდი) რომ გამომიცხადა, მშობლებთან მივდივარ, ჩვენს ტყეში ახალი ხეები უნდა დავრგოთო.
მივუბრუნდეთ
საქმეს, მინდა, რამდენიმე სემინარისა და მოხსენების შესახებ გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება.
პირველი იყო გრონინგენის უნივერსიტეტიდან მოწვეული მკვლევრის, მლადენ
პოპოვიჩის სემინარი, რომელმაც გვაჩვენა, როგორ ათარიღებენ ყუმრანის
ფრაგმენტებს ტექსტოლოგების, ბიოლოგებისა და IT სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობითა
და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლის
წყალობითაც ცდომილება დათარიღებაში მინიმუმამდეა დაყვანილი. ინფორმატიული და საინტერესო
იყო კიპ დევისის მოხსენება
დამაინტრიგებელი სათაურით “These Things Are Written
that You May Believe (Sellors, Scholars, Apologists and the Fake Dead Sea Scrolls)”, სადაც გაგვაცნო
მთელი ისტორია ყუმრანის ფრაგმენტების აღმოჩენისა და ამა თუ იმ ფრაგმენტის თავგადასავლის
შესახებ. გამიმართლა და სწორედ
ამ დროს იყო ჰელსინკიში ჰანუ
კალავაინენი, რომელიც ტუკას პროექტში მონაწილეობდა წლების განმავლობაში IT სპეციალისტად, ამჯერად გაგვაცნო ფსალმუნების პროექტის
შიდა სამზარეულო და განვიხილეთ ის პრობლემები, რომლებიც თითქმის ყველა ელექტრონულ გამოცემას
ახლავს თან. საბოლოოდ იმ იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, რომ ოდესღაც შეიქმნება ერთიანი
სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ხელნაწერი ყველა ენაზე თავისი მეტა-მონაცემებით,
და აღარ მოგვიწევს პარალელურად ერთი და იმავე გადამკვეთი საქმის კეთება. ბევრი რამ
გავიგე ვორკშოპზეც, რომელიც ბიბლიური კვლევების სხვადასხვა საკითხს ეძღვნებოდა.
არაფორმალური
შეხვედრებიდან ორს გამოვყოფდი: ბიბლიის ტექსტოლოგიის ჰელსინკის სკოლის ერთ-ერთ ყველაზე
ცნობილ წარმომადგენელთან, ემერიტუს პროფესორ ანელი ემელეუსთან,
რომელიც 1993-2000 წლებში გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ანელი
ანა ხარანაულის ძველი მეგობარია, საქართველოშიც იყო ორჯერ (აქედან ერთხელ 2018 წელს
ექსცელენს ცენტრის გასვლითი სესიის
ფარგლებში), სენტ ენდრიუსსა და გიოტინგენშიც შევხვედრივართ, ასე რომ, დიდი ხნის ურთიერთობა
გვაკავშირებს. მართალია, უკვე პენსიაზეა, მაგრამ ისევ ისეთი მშვენიერია და ისევ ისე
დაუღალავად აგრძელებს მუშაობას მეფეთა წიგნების კრიტიკული ტექსტის გამოცემაზე.
არასდროს დამავიწყდება მასთან ერთად მუზეუმსა და კაფეში გატარებული არაჩვეულებრივი
დღე.
მეორე
შეხვედრა დაუგეგმავი და ასევე არაჩვეულებრივი გამოდგა. მე და კოტე ოთხმეზური ვწერთ
ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესისთვის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ სტატიას.
ეს სტატია ნაწილია დიდი პროექტისა National Epics, რომელსაც შუა საუკუნეების ლიტერატურის
პროფესორი დეივიდ უოლასი
ხელმძღვანელობს. მან თავდაპირველად შექმნა ვებ-გვერდი,
სადაც თავმოყრილია მოკლე ცნობები მსოფლიო ხალხთა ნაციონალური ეპოსების შესახებ, ახლა
კი მუშაობს ვრცელ გამოცემაზე, სადაც საქართველოს ნაწილს მე და კოტე ვწერთ. ჰელსინკის
ქუჩებში სეირნობისას გადავაწყდით კალევალას დიდ მონუმენტს და დაგვაინტერესა,
ვინ წერდა ფინეთის ეროვნული ეპოსის შესახებ, მოვიძიეთ ინფორმაცია და დავუკავშირდით
ფინეთის ლიტერატურული საზოგადოების წევრს ილონა პიკანენს. მასაც ძალიან
გაუხარდა ჩვენი შეხმიანება და შეხვედრა კაფე ესპლანადაში დაგვითქვა. ძალიან
საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ჩვენი ქვეყნების ეპოსების შესახებ, თუ რა გავლენა იქონიეს
მათ ჩვენი ერების ჩამოყალიბებაზე.
ჩემი
ვიზიტი ჰელსინკის უნივერსიტეტში მომავალი თანამშრომლობის კუთხითაც ნაყოფიერი გამოდგა:
Brill-მა უნდა გამოსცეს სახელმძღვანელო Textual History of the Bible Handbook
of Languages and Linguistics, რომელშიც სხვადასხვა ავტორი დაწერს სხვადასხვა ენაზე
ბიბლიის თარგმანის ენის შესახებ, ტომის რედაქტორი ტუკა იქნება, მე კი თანარედაქტორობა
შემომთავაზა, რაც ჩემთვის მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო საქმე იქნება.
ეკლესიასტეს
ტექსტის ანოტირება დაგეგმილზე ადრე დავამთავრე, რადგან ჩემთვის მშვიდად ვმუშაობდი,
ჩვენმა საიტმაც დიდი მოწონება დაიმსახურა,
მივიღე სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ.
ძალიან
შემაყვარა თავი ამ ქალაქმა, ერთი შეხედვით, თითქოს არაფრით გამორჩეულმა, მაგრამ საცხოვრებლად
ძალიან კომფორტულმა. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, ყველა თაობამ კარგად იგრძნოს თავი, ამიტომაცაა,
რომ უამრავი ახალგაზრდა მშობელია, რომელთაც 2-3 შვილი ჰყავთ უკვე. მუზეუმების უმრავლესობა უფასოა; თუ
ფასიანია, თვეში 1 დღე მაინც არის უფასო შეშვება. ყველა კაფეში ყავა თუ არა, სულ მცირე
წყალი მაინც არის უფასო (ნეტავ, ჩვენთან არ შეიძლება ამის დანერგვა?), აღარაფერს ვამბობ
სიმწვანესა და სუფთა ჰაერზე...
ამას წინათ ჩემი კოლეგა წერდა, რომ ბევრი წუხს, ჰუმანიტარულ სფეროს ხელშეწყობა არ აქვსო, მეც თამუნას აზრს ვიზიარებ, მადლობა ღმერთს, ჩვენ შემთხვევაში ასე არ არის, ოღონდ რამე მოვინდომოთ და ყველა კარი ღია გვაქვს. ასე რომ, მთავარია, არ გავჩერდეთ და შედეგიც არ დააყოვნებს.
ნათია დუნდუა
Comments
Post a Comment