კონფერენციის ორგანიზება დიდი ამბავია: სესიების დაგეგმვა, საპატიო სტუმრების მოწვევა, შესაბამისი დარბაზების შერჩევა გახსნითი ცერემონიისთვის, სხდომებისთვის, მენიუ გახსნისა და დახურვის მიღებებისთვის, კულტურული პროგრამა და სხვა მრავალი წვრილმანი და მსხვილმანი. ამ ყველაფრის მოწმე და დამკვირვებელი, ხანდახან არც თუ აქტიური მონაწილეც, არაერთხელ ვყოფილვარ. სულ ბოლოს კი ვაკვირდებოდი ჩემი იტალიელი კოლეგა ავსტრიაში, დიონისიო კანდიდიო, როგორ ემზადებოდა ბიბლიური კვლევების ევროპული ასოციაციის (EABS – European Association of Biblical Studies) ყოველწლიური კონფერენციის ჩასატარებლად სირაკუზაში. ნისის თქმით, ყოველ საღამოს დავსხდებოდით პიაცა დუომოზე, შევექცეოდით ჯელატოს და ვისაუბრებდით სეპტუაგინტაზე. თეზისის გაგზავნაზე ბევრი არც მანამდე მიფიქრია, მაგრამ აბა რომელი ჭკუათმყოფელი და ნაყინის ჭეშმარიტი ტრფიალი იტყოდა ამ ძვირფას შესაძლებლობაზე უარს.
ბევრი ვარჩიეთ თუ ცოტა ვარჩიეთ, ჩვენი საკვლევი თემის შესაბამისი თემატური სექცია შევარჩიეთ (ძველი აღთქმის, ახალი აღთქმისა და ყურანის (!) ტექსტოლოგია, ჩვენც გვეუცნაურა მაგრამ ბიბლიის ტექსტოლოგიასთან ახლოს მდგომი სხვა ვერაფერი ვნახეთ) და თეზისები გავგზავნეთ, რომელიც ჩვენდა საბედნიეროდ მიიღეს და დავიწყეთ მოგზაურობის დაგეგმვა და კონფერენციისთვის მზადება.
მგზავრობამდე ნისის მგონი ყველა დეტალი შევუთანხმე, რომელ აეროპორტში ჩავფრენილიყავი, სად ჯობდა ბინის დაქირავება, როგორ წავსულიყავი კატანიიდან სირაკუზაში – მატარებელი ჯობდა თუ ავტობუსი (აქ სიტყვა შუაზე გამაწყვეტინა და მითხრა, რომ ცხადია ავტობუსი, გონიერი ადამიანი იტალიის სამხრეთში მატარებელს არ ენდობაო). ბინის დაქირავების, ბილეთების ყიდვის და სხვა დეტალების მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, არც ზალცბურგიდან სირაკუზაში ჩემი უცნაური მგზავრობის წვრილმანებს გაგიმხელთ (უთავბოლობის მაგალითი თუ დამჭირდა, იქნებ ოდესმე სადმე დავწერო), ასე იყო თუ ისე, ზალცბურგიდან მომავალი მე და ჰელსინკიდან მომავალი ნათია (თუ რა მინდოდა მე ზალცბურგში და ნათიას ჰელსინკიში, ამას სხვა ბლოგებში მოგახსენებთ) ღამენათევნი და გვარიანად მშიერნი მიუნხენის აეროპორტში შევხვდით ერთმანეთს. კატანიაში თავგადასავლების გარეშე ჩავფრინდით და ასევე უთავგადასავლოდ ვიმგზავრეთ ლურჯი ავტობუსით კატანიიდან სირაკუზამდე, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან ორტიჯამდე პაპანაქება სიცხეში ასე კილომეტრი გავიარეთ და ბინასაც მივადექით, სადაც მომდევნო რამდენიმე დღე უნდა გაგვეტარებინა.
იტალია რომ სამხრეთია და სიცილია კიდევ იტალიის სამხრეთი, ჩასვლისთანავე არაერთ დეტალში გამჟღავნდა, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საგულისხმო მაინც ის იყო, რომ მასპინძელმა ბინის გასაღები სუვენირების მაღაზიაში დაგვიტოვა, მერე მოვიდა, დაგვხედა, აბა რა გჭირდებათო. გვითხრა, სად რა გვეჭამა, სად რა დაგველია, მომწერეთ თუ რამე დაგჭირდეთო და წავიდა.
EABS-ის ყოველწლიური სიმპოზიუმი, რომელსაც სირაკუზის წმინდა მეთოდეს რელიგიურ მეცნიერებათა უმაღლესი ინსტიტუტი (Istituto Superiore di Scienze Religiose San Metodio) მასპინძლობდა, 10 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა. EABS-ის პირველი პოსტკოვიდური სიმპოზიუმი უჩვეულოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა (800-მდე მონაწილე). მისდიეს რა სიცილიურ ანდაზას – A casa capi quantu voli u patrúni (სახლი იმდენ სტუმარს დაიტევს, რამდენსაც მასპინძელი ისურვებსო) – მასპინძლებმა ყველასთვის გამონახეს ადგილი: კონფერენცია 4 ინსტიტუციაში 3-6 პარალელურ სესიად მიმდინარეობდა, გახსნითი საღამოსა და კრისტინ დე ტროიერის ლექციისთვის კი საკმარისად დიდი სივრცე მხოლოდ სირაკუზის საკათედრო ტაძარი აღმოჩნდა.
გახსნით ცერემონიაზე კონფერენციის მონაწილეებს EABS-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბრუკმა (George J. Brooke), საპატიო სტუმრებმა და კონფერენციის ორგანიზატორებმა მიმართეს. იუმორითა და სირაკუზის მხურვალე სიყვარულით იყო გაჯერებული ნისი კანდიდიოსა (Nisi Candido) და დანილო ვერდეს (Danilo Verde) მისასალმებელი სიტყვა. არანაკლებ საინტერესო იყო სადილიც, რომელიც ცოცხალი მუსიკის თანხლებით ღია ცის ქვეშ თევზის ბაზართან ახლოს გამართეს. საჭმელ-სასმელი იყო მრავალფერი, სიცილიური, გემრიელი. ჩვენ თვალწინ გადაზილეს მოცარელა და ცხელ-ცხელი მოგვართვეს, შეწვეს ზღვის პროდუქტები და ზეითუნის ზეთით შეაზავეს არანჩინი. გადმოცემით ვიცით, ბოლოში დესერტიც ყოფილა, მაგრამ მე და ნათიამ დროზე ადრე დავტოვეთ მიღების ცერემონია. მოკლედ, პურიც იყო და დაუვიწყარი სანახაობაც. ასე გემრიელად ვეზიარეთ სტუმარმასპინძლობის სიცილიურ კულტურასა და სიცილიურ სამზარეულოს.
პროგრამასა და თეზისებს თავად შეგიძლიათ გაეცნოთ გამოწვლილვით. მე მხოლოდ რამდენიმე სესიის შესახებ მოგახსენებთ.
11 ივლისის საღამოსვე სირაკუზის საკათედრო ტაძარში წაიკითხა ლექცია კრისტინ დე ტროიერმა (Prof. Dr. Kristin De Troyer). ლექცია – The Oxyrhynchus Decalogue: History and Text of a Greek Exodus Papyrus – შეეხებოდა ათი მცნების შემცველ ოქსირინხუსის პაპირუსს, ტექსტისა და ფრაგმენტის ისტორიას. ძალიან ძნელია, სხვადასხვა ინტერესისა და საკვლევი სფეროს მეცნიერი ძალიან კონკრეტული ტექსტოლოგიური საკითხით დააინტერესო. პროფესორმა კრისტინ დე ტროიერმა დეტექტიური ინტრიგითა (ზემოხსენებული ფრაგმენტი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა და ოქსირინხუსის პაპირუსების პროექტის ხელმძღვანელმა, სხვა ფრაგმენტებთან ერთად, ოქსფორდიდან მოიპარა და გაყიდა. პაპირუსები გრინის ბიბლიის მუზეუმმა შეიძინა. აქვე დავძენთ, რომ ფრაგმენტების ნამდვილობის დასადგენად გრინის მუზეუმმა სწორედ ზემოხსენებულ მეცნიერს მიმართა. უფრო დაწვრილებით დაგუგლეთ Dirk Obbink, oxford green papyrus და გაეცანით სტატიათა წყებას.) და ზომიერი იუმორით წარმოადგინა ათი მცნების სხვადასხვა წყაროში დაცული ტექსტი და მისი ტექსტუალური ანალიზი და აუდიტორიის ინტერესიც არ დაუკარგავს.
12 ივლისს, დილას, მე და ნათია წარვდექით მოხსენებებით. ჩვენი სესია, როგორც ზემოთ გითხარით, ძველი და ახალი აღთქმისა და ყურანის ტექსტოლოგიას ეძღვნებოდა (Textual Criticism of the New Testament, the Old Testament and the Qur'an).
სესიაზე ჩვენთან ერთად ტიმოთი ენდრიუ ლიმ (Timothy Andrew Lee), იერჟი ოპტარჩუკმა (Jerzy Ostapczuk) და ანდრეა რიკარდო როსიმ (Andrea Riccardo Rossi) წაიკითხეს მოხსენებებით.
ჩემი და ნათიას მოხსენებები ესთერისა და ტობის წიგნის ძველ ქართულ თარგმანებს შეეხებოდა. ნათია დუნდუამ წაიკითხა მოხსენება – ტობის წიგნის GIII ტექსტუალური ფორმის რეკონსტრუქცია ძველი ქართული თარგმანის მიხედვით (Reconstruction of GIII Textual Form of Tobit according to the Georgian Translation). ტობის წიგნის GIII ფორმა ბერძნულ, ლათინურ და სირიულ წყაროებში მხოლოდ ფრაგმენტულადაა შემონახული. ტობის წიგნის ძველი ქართული თარგმანი კი სრულად ინახავს მას. ნათიამ შესაბამისი მაგალითების მოხმობით, უპირველეს ყოვლისა, აჩვენა, რომ ქართული თარგმანი ნამდვილად ტობის წიგნის GIII ფორმას ინახავს, შემდეგ კი ქართულის მაგალითზე მისი იმ ნაწილების სახე აღადგინა, რომლებიც, ქართულის გარდა, სხვა წყაროებში არაა დაცული. ნათიამ ასევე წარმოადგინა ტობის წიგნის ოშკური ვერსიის მრავალენოვანი ანოტირებული კორპუსული გამოცემა და გამოცემის მოსამზადებელი აპლიკაცია. ნათიამ გამოცემის პროექტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე განახორციელა. გამოცემამ დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი დაიმსახურა.
დღე ჩვენს ძველ ნაცნობ გიდთან ერთად დავასრულეთ და ღამის სირაკუზა დავათვალიერეთ.
13 ივლისი კონფერენციის ბოლო დღე იყო. არანაკლებ საინტერესო სესიების შემდეგ კონფერენციის დახურვის ცერემონია გაიმართა. EABS-ის პრეზიდენტის სამადლობელი სიტყვისა და მხურვალე ოვაციების შემდეგ ანტიკური დრამის ეროვნული ინსტიტუტის (INDA – Istituto nazionale del dramma antico) სტუდენტებმა და პროფესორებმა წარმოადგინეს მოკლე სპექტაკლი ანტიკური დრამის სტილში. კონფერენციის ბოლო აკორდი კი გახლდათ კერძ- და მეცნიერმრავალი ფურშეტი. შევხვდით დიდი ხნის უნახავ კოლეგებსა და მეგობრებს, კოლეგებს რომლებიც გასულ წელს ზალცბურგის საერთაშორისო სიმპოზიუმის, სეპტუაგინტასა და კოგნიტიური მეცნიერებების ციურიხის კონფერენციისა თუ ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოების დენვერის კონგრესისას გავიცანით. ცხადია, ახალი კონტაქტებიც მრავლად დავამყარეთ.
ნათია მიროტაძე
Comments
Post a Comment