სექტემბრის გიოტინგენი — დაფოთლილი, ჯერაც ღაჟღაჟა ბროწეულისფერი ფოთლებით, შიგადაშიგ მანდარინის ქერქის მსგავსად მომწვანო და მოყვითალო გრადაციებში გახვეული ხეები და ოქროსფერშერეული ნაძვები, მშვიდი შემოდგომის ქუჩები, ფერადი სახლები, შხაპუნა წვიმა, სველ ველობილიკზე მოშხრიალე საბურავები, ბაღები და უშველებელი მდელოები. ქალაქი, სადაც ლაგარდის სახლია და სადაც ერთი თვე მოგონებებს ვქმნიდი.
აეროპორტში ტაქსი 3 საათით ადრე დავჯავშნე და დათქმულ დროზე საათნახევრით ადრე მივედი. რომ გეკითხათ, არ ვღელავდი. თუმცა, მართლაც, არ ვღელავდი, უფრო აღტაცება და მომავალი ერთი თვის მოლოდინები მიპყრობდა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის სახელობის ფონდში გრანტზე (https://www.humboldt-foundation.de) განაცხადი შევიტანეთ (საპროექტო წინადადება თავის თავში მცირე წინასწარმეტყველთა შემცველ ძირითად ხელნაწერთა პროგრამულ ტრანსკრიბირებას მოიცავდა), ჩვენი ხელმძღვანელის, პროფ. ანა ხარანაულის უშუალო ხელმძღვანელობით. ამავე უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა გრანტის წერა-შევსება-თარგმნის პროცესიც, რომელსაც ნათია მიროტაძე ედგა სათავეში, ჩვენ (ჯგუფის სხვა წევრები) მხოლოდ მცირედით თუ დავეხმარეთ. აქვე უნდა აღვნიშნო ჩვენი უცხოელი ექსპერტიც, გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტის დირექტორი — ფელიქს ალბრეხტი (Dr. Felix Albrecht), რომელიც, ასევე, უშუალოდ იყო ჩართული გრანტთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. საბოლოოდ გრანტიც მოვიპოვეთ და შევუდექით ჩვენი ერთთვიანი კვლევითი მივლინების დაგეგმვას.
ჯგუფის წევრები სამ ნაკადად დავიყავით და სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაწყებული სამ თვეზე გადავნაწილდით, სამ-სამ კაციანი ჯგუფით. პირველ ჯგუფში პროფ. ანა ხარანაული, მარიამ თხინვალელი და მე (ნინო გიორგაძე) მოვხვდით.
ჩვენი ერთთვიანი ვიზიტის ათვლაც 24 სექტემბერს დაიწყო, როცა მიუნხენის აეროპორტში დავეშვით და მატარებლით გიოტინგენისკენ გავემართეთ. დამღლელი მგზავრობის მიუხედავად, მატარებლის ფანჯრიდან, შიგადაშიგ ახალგამოღვიძებული, ხედებს ერთ თვალს მაინც მოვკრავდი ხოლმე.
ჩასვლიდან მეორე დღესვე პაულ ანტონ დე ლაგარდის (მე-19 საუკუნის გამოჩენილი სეპტუაგინტას მკვლევარი და ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სეპტუაგინტას კრიტიკული გამოცემის მომზადებას დაუდო საფუძველი) სახლისკენ გავეშურეთ. ისე წვიმდა, რომ მისასვლელ გზას ასფალტით ვიმახსოვრებდი, რადგან საწვიმარში თავჩაქინდრული მხოლოდ ასფალტს, ფოთლებსა და ჩემ ფეხსაცმელს ვხედავდი.
ყველა ძალიან კეთილგანწყობილი დაგვხვდა. ბატონმა ფელიქმა მაშინვე მოგვიწყო სამუშაო სივრცე, მალტემ (Malte Rosenau — პროგრამისტი, გიოტინგენის ფსალმუნის პროექტის ერთ-ერთი წევრი და ჩვენი მთავარი მრჩეველი ტექნიკურ საკითხებში) კი იმ დღესვე შეგვიქმნა მე და მარიამს პროფილები ინტერნეტთან წვდომისთვის. მოკლედ, ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ აუღელვებლად და კომფორტულად გვემუშავა.
ლაგარდის სახლის, რომელიც მხოლოდ ქალბატონი ანას ისტორიებიდან ვიცოდი, ახლა უკვე ყველა ოთახში დავაბიჯებდი. პირველი დღე განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მრავალი კუთხით: პირველი იმით, რომ ლაგარდის სახლში გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, პროფესორ რობერტ ჰანჰარტის ბიბლიოთეკა მოიტანეს და სარდაფიდან ერთიანი ძალებით ვეზიდებოდით წიგნებით გატენილ ყუთებს. თან ატანისას ყუთებში ვიჭყიტებოდი, ბოლო-ბოლო, ხომ უნდა მცოდნოდა, რომელ წიგნს რა სიმძიმე ჰქონდა. მეორეც, გამოცემებით, ხელნაწერების ფოტოფირებით გამოტენილი კარადების თვალიერებითა და საბოლოოდ, ბევრი ახალი ადამიანის გაცნობით, რომლებთანაც მომავალი ერთი თვე ვსადილობდით, განვიხილავდით საჭირბოროტო თემებს, ვუზიარებდით გამოცდილებასა და უბრალოდ, ერთ სივრცეში ვქმნიდით ლაგარდისეულ მოგონებებს.
ყოველ პარასკევს, საღამოს 6 საათზე გიოტინგენის წმინდა იაკობის სახელობის ტაძარში კლასიკური მუსიკა სრულდებოდა. სწორედ აქ მოვისმინე პირველად ორგანი. ამ კონცერტებზე დასწრება იქაურ ერთი თვის ტრადიციად ვაქციე და ყოველ პარასკევ საღამოს ერთგული მსმენელივით მივაშურებდი მორიგი სიამოვნების მისაღებად.
ჩვენი ჩასვლიდან მალევე გამოიდარა, გიოტინგენი მზიანი დღეების ქსელში გაიბლანდა და ჩვენც (მე და მარიამი) ლაგარდის სახლიდან გაგვაძევეს (ქალბატონმა ანამ) სასეირნოდ. ამიერიდან, როცა მზე ოდნავ მაინც გამოიჭყიტებოდა, ერთი საათით მაინც გიოტინგენის ფერადსახლოვან და ფერადფოთლოვან ქუჩებში დავეხეტებოდით, ხანაც ერთად, ხანაც ცალ-ცალკე.
ყველაზე კარგი გრძნობა კი ის იყო, როცა მხოლოდ პდფ-ებით ნანახ გამოცემებს, აწ უკვე ხელით ვეხებოდი და ვფურცლავდი, როცა აღარ მიწევდა ბიბლიოგრაფიისთვის წიგნების/სტატიების სათაურების გამოცნობა და გუგლში ძიება, რადგან ყველაფერი აქვე მქონდა, ლაგარდის სახლში ან ერთი ფეხის ნაბიჯში, გიოტინგენის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, რომელიც მკითხველს შაბათ-კვირასაც დილის 9-დან ღამის 10-მდე ემსახურებოდა.
ხელნაწერთა ტრანსკრიბირებაზე მუშაობაც მალევე დავიწყეთ, ჩვენი ვიზიტი ყველაზე ნაყოფიერი სწორედ ამ მხრივ გამოდგა. მუშაობის პროცესში არაერთი კითხვა დაგვებადა, რომელსაც იქვე ჩვენ სხვა კოლეგებთან ვაზუსტებდით, რაც ძალიან მოსახერხებელი იყო. ასევე, ქალბატონ დილიანა ათანასოვას დამსახურებით, რომელიც კოპტური ბიბლიის ელექტრონული გამოცემის მომზადებაშია ჩართული, გავიზიარე კოპტურ ხელნაწერებზე მუშაობის გამოცდილებაც და გავეცანი მათ პროგრამულ ინტერფეისს, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. მისივე დამსახურებით, გადავჭერით ე. წ. პროგრამული ბაგი, რომელიც ხელნაწერში ასომთავრულ ტექსტში კორექტირების აღნიშვნის საშუალებას არ გვაძლევდა.
ნაყოფიერ დღეებთან ერთად, ბევრ კულტურულ მოვლენას ვეზიარე, ირლანდიურ პაბსაც ვესტუმრეთ მე და მარიამი იონათან გროსთან (Dr. Jonathan Groß — ფსალმუნის ჯგუფის წევრი) ერთად. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის კვირა დღეები იყო, რომელსაც ქალბატონი ანას მეგობრის, კრისტინა ვულფის სახლში ვატარებდით; ღვინოსა და მის შოკოლადის პუდინგს შევექცეოდით, როცა გერმანული ყველაზე კარგად მესმოდა.
ერთი თვე წამწამში გაილია და ჩვენც, 23 ოქტომბერს, უკვე მიუნხენის გზას ვადექით, იმ იმედით, რომ მიუნხენსაც დავათვალიერებდით. მიუნხენი თავსხმა წვიმით შეგვეგება და ვერცერთ ქალბატონ ანას ნათქვამ "აი იქ"-ს ვერ ვხედავდი. თუმცა წვიმას არ შევუშინებივართ, პირიქით, ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენეთ და შედეგად ქალბატონი ანას მეორე მეგობრის, ადელაიდა ველჰაუზენის (შუა საუკუნეების ლათინურის ლექსიკონის გამოცემის კომისიის ხელმძღვანელი ბავარიის მეცნიერებათა აკადემიაში) დამსახურებით, ვნახეთ, როგორ იქმნება ლათინურის ლექსიკონი და ამ ლექსიკონის ელექტრონული ბაზა.
წასვლამდე ჩემმა ერთმა უცხოელმა კოლეგამ მითხრა, რომ გიოტინგენი კარგი გამოცდილება იქნებოდა, თუმცა ის კარგ გამოცდილებაზე მეტი აღმოჩნდა. იმედია, ჩემი და გიოტინგენის გზები მომავალშიც გადაიკვეთება, აი, მარიამს კი აწ უკვე იანვარში კვლავ შეეგებება, თუმცა ამას უკვე მარიამი მოგიყვებათ.
ნინო გიორგაძე











Comments
Post a Comment