Skip to main content

გიოტინგენის ქრონიკები II – ლაგარდის სახლი და იოანე ზოსიმე


ჩემი პირველი მოგზაურობა გერმანიაში, ჩემდა გასაკვირად, და, ამასთანავე, სასიხარულოდ, საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. მოგზაურობას თან ახლდა შფოთვები, უსაფუძვლო შიშები, როგორებიცაა სიახლის, ფრენის, რაიმე ნივთის ანდა ჩემი თავის დაკარგვისა... თუმცა გამიმართლა და მარტოს არ მომიწია პირველად მოგზაურობა ევროპაში, მგზავრობისას ჩემი მთავარი მოვალეობა იყო, ლალი ვაშაყმაძეს და ნათია დუნდუას არ ჩამოვრჩენოდი (რაც არცთუ ისე ადვილი ამბავია).  მოკლედ, რადგან ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა, როგორც ნინო გიორგაძემ დამიწერა, პირველი გაევროპელება, ბლოგის დაწერაც მე დამევალა. მართალია, არ გამოვირჩევი ენაწყლიანობით, თუმცა ვეცდები, ჩემი თვალით დანახული გიოტინგენი თქვენც დაგანახოთ. უკვე იცით წინა ბლოგიდან (იხ. გიოტინგენის ქრონიკები I – ტრანსკრიბირება, შოკოლადის პუდინგი და ორგანი), თუ რა იყო ჩვენი გერმანიაში გამგზავრების მიზეზი და მიზანი, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები.

გაგვიმართლა, გიოტინგენში ყოფნა მოგვიწია ისეთ დროს, როცა შეგვეძლო ნათლად დაგვენახა სეზონის ცვლილება, ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ყოველ დილით გზად აღფრთოვანებულნი ვაკვირდებოდით, რომელ ხეს მეტად მრავალფეროვანი პალიტრა ჰქონდა, ან ფოთოლცვენა ხის კენწეროდან იწყებოდა თუ ქვედა ტოტებიდან. ასე, ამ ერთ თვეში შემოგვეძარცვა შემოდგომა, ჩვენ კი კმაყოფილი ვიყავით თბილი და საამური ამინდებისა, რასაც ნათიასა და ლალის შეხმატკბილებული ღიღინი ამშვენებდა (სურვილის შემთხვევაში, ფლეილისთსაც დავურთავ).

     

უცხო ქვეყანა უცხო ყოველდღიურობასთან ასოცირდება. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც გერმანია იქნებოდა. გიოტინგენში ყოფნისას ჩემი (საყვარელი) მთავარი შეკითხვა იყო: „ეს სად ჩავაგდო?“  ნათიაც და ლალიც, როგორც გამოცდილნი ევროპაში ცხოვრებით, ყოველთვის მზრუნველობით მიმითითებდნენ ხოლმე შესაბამის ნაგვის ყუთზე...

გიოტინგენში ყოფნისას მრავალმხრივ „გავნათლდი“, მაგალითად, ლალის ხელმძღვანელობით მოვუსმინე ყველა იმ სიმღერას, რომელიც უნდა გქონდეს მოსმენილი, სანამ ცოცხალი ხარ. ნათია ცდილობდა ჩვენში დაფარული ნიჭები განევითარებინა – ჩემში წერის (ამიტომაც ვწერ მე ახლა ბლოგს), ხოლო ლალისთვის – ხატვის (ლალიც, ალბათ, „ჩანახატებს ასრულებს გიოტინგენის თემატიკაზე“); ხატვის რა გითხრათ, თუმცა ცხობის ნიჭი ნამდვილად აღმოაჩნდა და მისმა პირველად გამომცხვარმა ხაჭაპურმა და ლობიანმა სრული ფურორი მოახდინა გამოსამშვიდობებელ სადილზე, იმდენად მოეწონათ, რომ რეცეპტის გაზიარებაც მოუწია.

პირველსავე სიტყვასა ზედა მოვიდეთ, მგონი, ავცდი მიზანს, ისე არ იფიქროთ, საქმე არ უკეთებიათო, ყოველდღე ლაგარდის სახლში (რომელიც მართლაც მისი, პაულ ანტონ დე ლაგარდის,  სახლი იყო, აბაზანაც კი არის) მივდიოდით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობის (ბიბლიის ტრანსკრიფციისა თუ ხელნაწერის დათაგვის) შესასრულებლად. სეპტუაგინტას კვლევის ცენტრში ყველას თავისი საქმე ჰქონდა, და მთელი დღის განმავლობაში დაფუსფუსებდნენ, ჩვენც არ ჩამოვუვარდებოდით შრომაში და დიდი გულისყურით ვთაგავდით ხელნაწერებს, ეკრანის ყურებისგან დაღლილები კი წიგნების თაროს მივაშურებდით, სადაც ახალსა თუ ძველ გამოცემებს ვფურცლავდით და ჩვენთვის საინტერესო წიგნებს, სტატიებს ვეძებდით და აუცილებლად წასაკითხ წიგნთა ნუსხას ვუმატებდით. იდეალურ სამუშაო პირობებს ერწყმოდა მასპინძელთა კეთილგანწყობა ცენტრის დირექტორის, ფელიქს ალბრეხტის თაოსნობით და მუდმივი მზადყოფნა დახმარებისათვის.

ასევე, საინტერესო გამოცდილება იყო უცხოელ კოლეგებთან ერთად (რომელთა ნაწილი გერმანელი იყო, ნაწილი იტალიელი და კიდევ სხვა ქვეყნების შვილები) სადილი, სადაც ვსაუბრობდით (მართალია, მე ძირითადად მსმენელი ვიყავი, მაგრამ აქტიური) ყველაფერზე – ბიბლიაზე, ქართულ  კულტურაზე, ენასა თუ საჭმელზე. და მაინც, ჩვენი იტალიელი მეგობრები ბოლომდე გაოგნებულები იყვნენ, თუ რატომ ვსვამდით ყავას ლანჩის დროს და არა მის შემდეგ. 

ამგვარად, ლაგარდის სახლში მუშაობის გამოცდილება, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩემთვის, იქ დავინახე, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, აინტერესებთ სხვაგანაც, სხვებსაც, და რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ და, რაც მთავარია, ერთ ენაზე ვლაპარაკობთ მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. 

თბილისში ჩემი დიდი ტკივილი იყო ის, რომ არ მუშაობენ ბიბლიოთეკები გვიანობამდე, გარემოს რაც შეეხება, ვფიქრობ, მზის სინათლე აკლია. აქ კი გავიფიქრე,  დარჩენა ხომ არ მინდოდა, უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა და თეოლოგიკუმი (თეოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა) იყო ადგილი, სადაც ყოფნა არ მომბეზრდებოდა, ვცდილობდი, დავალებისამებრ არ გამომრჩენოდა რომელიმე წიგნი, ამიტომაც ყველა თაროს გულდასმით ვაკვირდებოდი (სამკითხველო დარბაზში წიგნები თემატურად იყო დალაგებული და სურვილისამებრ შეგეძლო აგეღო ნებისმიერი მათგანი), კარგია თანამედროვეობა და Pdf ფაილები, მაგრამ ფურცელზე დაწერილიდან ამოკითხვისას თითქოს მეტად აცნობიერებ იმას, თუ რამხელა შრომა ჩადო მასში ავტორმა, ლექსიკონების შემხედვარე კი ვფიქრობდი, თუ რა ხელმა შეადგინა.  თანაც, წიგნის ფურცვლისას, ვინ იცის, რამდენ საინტერესო ამბავს წააწყდები, სულ რომ არ გიფიქრია და გიძებნია.

 

სტუდენტური ცხოვრება რომ ბოლომდე შემეგრძნო, შესვენებისას მენზაში (სტუდენტური სასადილო, მრავალფეროვანი არჩევანი, სტუდენტებისთვის დაბალი ფასები და კომფორტული გარემო) შევედით, სადაც კიდევ ერთხელ დავფიქრდი, თუ რამდენად განსხვავებულია სტუდენტებისადმი დამოკიდებულება ჩვენთან და გერმანიაში.

გენზელიზელი – არის სტუდენტების მფარველი, ალბათ, პირველივე კვირა იყო, რომ დავინახე, ამ ბატიანი გოგონას გარშემო შეკრებილი სტუდენტები როგორი სიხარულით ირეოდნენ ერთმანეთში, ყვავილებითა და ტკბილეულით ხელში, იქვე ძეგლზე, რომლის გარშემოც ფანტანია, როგორ ცდილობდნენ ასვლას საამბორებლად, მე გაოგნებული შევცქეროდი ამ სანახაობას, და ვერ გამეგო, რამ ააღელვა ესოდენ დინჯი გერმანელები. როგორც მითხრა ლალიმ თუ ნათიამ, ტრადიცია ჰქონიათ, სტუდენტები ხარისხის დაცვის შემდეგ გენზელიზელთან ყვავილებით მიდიან მადლობის სათქმელად. ლამაზი სტუდენტური ტრადიციაა. გიოტინგენში ასეთ მშვენიერ ტრადიციებთან ერთად ყოფილა სტუდენტური ციხეც, რომლის დათვალიერების მსურველებმა თადარიგი რამდენიმე თვით ადრე უნდა დაიჭიროთ, ჩემსავით გიოტინგენი სტუდენტური ციხის უნახავად რომ არ დატოვოთ.

    რამდენიმე დღე იმდენად გამორჩეული იყო ჩემთვის, რომ, ვფიქრობ, ცალკე აღწერის ღირსია, იმედია, თავი ჯერ არ მომიბეზრებია...

    იონათან გროსმა (ნინოს ბლოგიდან მასაც უკვე იცნობთ) დაგვპატიჟა ერთ-ერთ უძველეს  გერმანულ პაბში, სადაც ნამდვილად გამორჩეული საღამო გამოვიდა, მოვისმინეთ ცოცხლად შესრულებული ირლანდიური ხალხური მუსიკა, დავლიეთ ლუდი (ალბათ, გერმანული), აღვფრთოვანდით სოლისტი გოგონას შესრულებული სიმღერით, და უფრო მეტად მისი პროფესიით (ასტროფიზიკოსი ყოფილა), აქვე გავიცანით ამ პაბის ერთგული სტუმრები, რომელთაც მოვუყევით საქართველოს შესახებ და დავპატიჟეთ კიდეც. და ასე შეზარხოშებულები, იონათანის მორთმეული ვარდებით ხელში, დავბრუნდით სახლში (გზაში კი იმედი მქონდა, ასეთ მდგომარეობაში მაინც შეანელებდნენ ნაბიჯს ჩემი თანამგზავრები, თუმცა, სულ ტყუილად).

    ემოციურად კიდევ უფრო დატვირთული აღმოჩნდა ჰალბერშტატის ტური. ჰალბერშტატის ტურში მიგვიწვიეს, როგორც ჰუმბოლტის სტიპენდიანტები და სხვა მეცნიერებთან ერთად დავათვალიერეთ ჩიტების მუზეუმი, გოთიკური სტილის დომი, რომელიც დიდებულად გამოიყურებოდა, და, რაც მთავარია, სოციალიზაცია არ დავივიწყეთ. ყველაფერს მაინც ფილოლოგის თვალით ვაკვირდებოდით, შესაბამისად, დომში არ გამოგვრჩენია საკურთხევლის უკან არსებული რკინის გისოსები, რაც, სავარაუდოდ, წიგნის შესანახად გამოიყენებოდა.

    უცხოეთში ყოფნისას ყველაფერი მშობლიური თითქოს უფრო მძაფრად აღიქმება და მნიშვნელოვანი ხდება, მაგალითად, ქუჩაში გაუსის ტელეგრაფზე გამოსახული ქართული წარწერა რომ დავინახე, თვალებს არ ვუჯერებდი, არადა, თითქოს რაა ამაში გასაკვირი, იქ ხომ თითქმის ყველა დამწერლობით იყო შესრულებული წარწერა. მაგრამ, ამაზე მეტად სასიხარულო იყო ის, რომ გიოტინგენის ბიბლიოთეკაში ინახება იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, თან პალიმფსესტი, რომლის ქვედა ფენა სირიული ტექსტია. ჩვენც დიდი გულისყურითა და მონდომებით შევუდექით ფრაგმენტების ამოკითხვასა და ტექსტის გამორკვევას, თავდაპირველად მოვიმარჯვეთ სახაზავი, გავზომეთ ხელნაწერი, ვეცადეთ, თანმიმდევრულად დაგველაგებინა, კოდიკოლოგიური აღწერის შემდეგ გადავედით ტექსტის ამოკითხვაზე, რა დროსაც კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი ის, თუ რატომ ავირჩიე ეს პროფესია ხელნაწერებზე მუშაობა დროსა და სივრცეში მოგზაურობის საოცარ შესაძლებლობას გაძლევს.

    თითქოს არ მენანებოდა, წამოსვლის დრო რომ ახლოვდებოდა, თუმცა ბოლო დღეებში ვიგრძენი რაღაც, არ ვიცი, რა იყო, მადლიერების განცდა, სევდა თუ იმედი იმის, რომ კიდევ დავბრუნდებოდი, ეს, ალბათ, იმის ბრალიც იყო, რომ ლაგარდის სახლში „გამოსამშვიდობებელი“ ლანჩი მოაწყვეს, ჩვენთვის გამოაცხვეს ნამცხვარი, რაღაცნაირი დეტალებია, რომლებიც არ დაგავიწყდება არასოდეს.

    გიოტინგენში კიდევ მრავალი რამ გადაგვხდა თავს, რის შესახებაც სხვა დროს დავწერ, ან ვისაუბროთ, ლამის დილის ოთხი საათია და თავი გიოტინგენში მგონია. ვფიქრობ, რომ დილით ლალი გამაღვიძებს, წასასვლელად გაემზადე, არ დაგვაგვიანდესო, ნათიას კი უკვე გამზადებული ექნება ძვირფასი ყავა და საუზმე.

 

ნინო ვარდიაშვილი 

Comments

Popular posts from this blog

გიოტინგენური ქრონიკები III, ანუ ევროპაში რა გვინდ(ოდ)ა

გიოტინგენური ქრონიკების პირველი ორი ნაწილიდან ( 1 , 2 ) უკვე მოგეხსენებათ, რომ სამი თვის განმავლობაში ქართული ბიბლიის კვლევის ჯგუფი სხვადასხვა შემადგენლობით ჰუმბოლდტის ფონდის ინსტიტუციური თანამშრომლობის გრანტის ფარგლებში გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტში იმყოფებოდა სამუშაოდ. ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდის გიოტინგენში გატარება მე (ნათია მიროტაძეს), თამარ მაგრაქველიძესა და თინათინ ჯიქურაშვილს გვერგო. არც ფერთა სიუხვე მოჰკლებია გიოტინგენს, არც საშობაო ბაზრობა და გლუვაინის სურნელი... სათქმელ-მოსაგონარიც ბევრია, მაგრამ ახლა ის უნდა გითხრათ, თუ რა გვინდოდა ევროპაში, ოღონდ ყველაფერი სულ თავიდან უნდა დავიწყო და ორიოდ სიტყვით უნდა ვთქვა, რა არის სეპტუაგინტა და გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტი.  სეპტუაგინტა, ანუ ბიბლიის სამოცდაათის თარგმანი თუკი ბიბლიაზე მუშაობ, სულ ერთია რომელენოვან თარგმანზე, ან თუ ფილოლოგიის შესავალი გაგივლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაშასადამე, სეპტუაგინტა შენი ყოველდღიურობის ნაწილია.  თუ არც ერთ ზემოხსენებულ ...

გიოტინგენის ქრონიკები I – ტრანსკრიბირება, შოკოლადის პუდინგი და ორგანი

სექტემბრის გიოტინგენი — დაფოთლილი, ჯერაც ღაჟღაჟა ბროწეულისფერი ფოთლებით, შიგადაშიგ მანდარინის ქერქის მსგავსად მომწვანო და მოყვითალო გრადაციებში გახვეული ხეები და ოქროსფერშერეული ნაძვები, მშვიდი შემოდგომის ქუჩები, ფერადი სახლები, შხაპუნა წვიმა, სველ ველობილიკზე მოშხრიალე საბურავები, ბაღები და უშველებელი მდელოები. ქალაქი, სადაც ლაგარდის სახლია და სადაც ერთი თვე მოგონებებს ვქმნიდი.  აეროპორტში ტაქსი 3 საათით ადრე დავჯავშნე და დათქმულ დროზე საათნახევრით ადრე მივედი. რომ გეკითხათ, არ ვღელავდი. თუმცა, მართლაც, არ ვღელავდი, უფრო აღტაცება და მომავალი ერთი თვის მოლოდინები მიპყრობდა.  ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის სახელობის ფონდში გრანტზე ( https://www.humboldt-foundation.de ) განაცხადი შევიტანეთ (საპროექტო წინადადება თავის თავში მცირე წინასწარმეტყველთა შემცველ ძირითად ხელნაწერთა პროგრამულ ტრანსკრიბირებას მოიცავდა), ჩვენი ხელმძღვანელის, პროფ. ანა ხარანაულის უშუალო ხელმძღვანელობით. ამავე უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა გრანტის წერა-შევსება-თარგმნის პროცესიც,...