Skip to main content

გიოტინგენური ქრონიკები III, ანუ ევროპაში რა გვინდ(ოდ)ა

გიოტინგენური ქრონიკების პირველი ორი ნაწილიდან (1, 2) უკვე მოგეხსენებათ, რომ სამი თვის განმავლობაში ქართული ბიბლიის კვლევის ჯგუფი სხვადასხვა შემადგენლობით ჰუმბოლდტის ფონდის ინსტიტუციური თანამშრომლობის გრანტის ფარგლებში გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტში იმყოფებოდა სამუშაოდ. ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდის გიოტინგენში გატარება მე (ნათია მიროტაძეს), თამარ მაგრაქველიძესა და თინათინ ჯიქურაშვილს გვერგო. არც ფერთა სიუხვე მოჰკლებია გიოტინგენს, არც საშობაო ბაზრობა და გლუვაინის სურნელი... სათქმელ-მოსაგონარიც ბევრია, მაგრამ ახლა ის უნდა გითხრათ, თუ რა გვინდოდა ევროპაში, ოღონდ ყველაფერი სულ თავიდან უნდა დავიწყო და ორიოდ სიტყვით უნდა ვთქვა, რა არის სეპტუაგინტა და გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტი. 

სეპტუაგინტა, ანუ ბიბლიის სამოცდაათის თარგმანი

თუკი ბიბლიაზე მუშაობ, სულ ერთია რომელენოვან თარგმანზე, ან თუ ფილოლოგიის შესავალი გაგივლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაშასადამე, სეპტუაგინტა შენი ყოველდღიურობის ნაწილია. 
თუ არც ერთ ზემოხსენებულ ჯგუფს არ მიეკუთვნები, ანუ არც ბიბლიის მკვლევარი ხარ და არც თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი, გაინტერესებს, ალბათ, რა არის სეპტუაგინტა.


სეპტუაგინტა ლათინური სიტყვაა და სამოცდაათს ნიშნავს. როგორც არისტეა გვიამბობს თავის წერილში, ალექსანდრიის ბიბლიოთეკარის, დემეტრიოსის შეგონებით, პტოლემაიოს მეორე მოისურვებს ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ებრაელთა წიგნთა წიგნის ბერძნულენოვან თარგმანსაც დაუდოს ბინა და ამ სიბრძნით გაამდიდროს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. პტოლემაიოსი შეუდგება საქმეს, გასცემს მეფურ საბოძვარს, ათავისუფლებს ებრაელ მონებს და ამ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქს სთხოვს დედნისა და მთარგმნელების გაგზავნას. ღვთის განგებულებით, იერუსალიმის პატრიარქი დასთანხმდა პტოლემაიოსს და საუკეთესოდ შეასრულა მისი თხოვნა: გამოუგზავნა გამორჩეულად სანდო, ოქროს ასოებით დაწერილი გრაგნილი ბიბლიისა. მთარგმნელებად კი ებრაელთა თორმეტივე ტომიდან ბერძნულ და ებრაულ ენებში განსწავლული, ბიბლიის კითხვაში დახელოვნებული ექვს-ექვსი, სულ სამოცდათორმეტი, სიმბოლურად (თუ დამრგვალებით) სამოცდაათი ბრძენკაცი გამოარჩია. პტოლემაიოსმა სამუშაო პირობებიც სანიმუშო შეუქმნა ებრაელ მთარგმნელებს: კუნძულ ფაროსზე, ქალაქის დამღლელი ყოველდღიურობისა და ხმაურისგან შორს, თითოეულ მთარგმნელს საკუთარი ოთახი განუწესა სამუშაოდ და საკვებითა და საწერი საშუალებებითაც უზრუნველყო. სამოცდაათმა მთარგმნელმა თარგმანი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეასრულა, თუმცა სასწაულებრივად ერთი ტექსტი მიიღო, რომელიც საჯაროდ განიხილეს და შეუდარეს დედანს და ყველა კმაყოფილი დარჩა თარგმანის სიზუსტითა და ხარისხით და გაკვირვებულებმა აღიარეს, რომ ებრაული და ბერძნული თურმე როგორი მსგავსი ენები ყოფილაო. ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე საუკუნეების მიჯნაზე. ახლა არისტეასი აღარავის სჯერა, თუმცა სახელი ებრაულიდან ბერძნულად შესრულებულმა ბიბლიის პირველმა თარგმანმა სწორედ არისტეას მონათხრობის მიხედვით მიიღო და თანამედროვე მეცნიერებაშიც შეინარჩუნა.

მაშასადამე, სეპტუაგინტა, ანუ სამოცდაათისა, ებრაული ბიბლიის პირველი თარგმანია ბერძნულად. სწორედ სეპტუაგინტა, მაშინდელ ლინგვა ფრანკაზე შესრულებული თარგმანი და არა მისი ებრაული დედანი, იქცა ქრისტიანების ბიბლიად – წმინდა წიგნად.

ფილოლოგიის შესავალგავლილ სტუდენტებსა (იმედია) და ბიბლიის მკვლევრებს ისიც მოეხსენება, რომ როგორც კი ტექსტის გავრცელება-გადაწერა იწყება, ტექსტი იცვლება. იცვლება შემთხვევით, გადამწერთა მიერ დაშვებული უნებლიე შეცდომების გამო და იცვლება განზრახაც. ისევ სეპტუაგინტას თარგმანის პერიპეტიებს რომ მივუბრუნდეთ, ერთხმად კი მოიწონეს თარგმანის სიზუსტე, მაგრამ ძალიან მალე აღმოაჩინეს, რომ უფრო ზუსტად თარგმნაც შეიძლებოდა და დაიწყეს სეპტუაგინტას ჯერ სპონტანური და შემდეგ ინტენსიური სწორება. ამასთან, ბიბლიას იწერდნენ ყველაზე ხშირად, ტექსტიც არ იყო მომცრო, დაღლილი გადამწერები უშვებდნენ შეცდომებს, უნებლიედ დაშვებულ შეცდომებს სწორების შედეგებიც ემატებოდა და ტექსტი იცვლებოდა. არაა ორი ხელნაწერი, რომელიც ერთნაირ ტექსტს შეიცავს (კაიგეზე, აკვილა-სვიმახოსსა და ორიგენე-ლუკიანეზე აღარაფერს ვიტყვი, აჯობებს ცალკე ბლოგში მოგითხროთ). 

მოგეხსენებათ, ადამიანი ბუნებითად ჭეშმარიტების მაძიებელია და აქაც დადგა საკითხი, ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების ურთიერთშედარებით ხომ არ შეიძლება შეცდომების იდენტიფიცირება, მათგან ტექსტების გაწმენდა და იმ თავდაპირველი, სამოცდაათის მიერ შესრულებული, პტოლემაიოსებისა და სწავლული ხალხის საჯაროდ მოწონებული თარგმანის აღდგენა? რა თქმა უნდა შეიძლება. ოღონდ მარტო კაცი ვერ გასწვდება და მთელი ინსტიტუტია საჭირო.


პაულ დე ლაგარდმა გეგმაც დასახა რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ სეპტუაგინტას ტექსტის დასადგენად და გამოსაცემად, თუმცა გეგმის განხორციელება თავად მას არ დასცალდა. საბედნიეროდ, მან ეს იდეა, რა ეტაპებად უნდა წარმართულიყო კვლევა და რომ ამ საქმეს ინსტიტუტი სჭირდებოდა და ერთი კაცის შესაძლებლობებს აღემატებოდა, თავის სტუდენტს, ალფრედ რალფსს, გაანდო და ამ საქმეს თავისი სახლიც უანდერძა. რალფსმა სეპტუაგინტას ინსტიტუტი 1908 წელს ლაგარდის სახლში დააარსა და გარდაცვალებამდე, 1935 წლამდე, მისი პირველი დირექტორიც იყო. 

რა თქმა უნდა, ახალდაარსებული ინსტიტუტის მიზანი სეპტუაგინტას ტექსტის დადგენა და გამოცემა გახლდათ. ამ საქმის უპირველესი საფეხური კი წყაროების მოგროვება და კატალოგიზება იყო. სწორედ, ლაგარდის სახლში, სეპტუაგინტას ინსტიტუტში, მოაგროვა რალფსმა ბიბლიის ხელნაწერთა ფოტოპირების კოლექცია და 1914 წელს ბერძნული ბიბლიის ხელნაწერების კატალოგიც გამოსცა. 1914 წლის ივლისში მაკაბელთა პირველი წიგნისა და სიბრძნის editio critica maior-ის საცდელი გვერდებიც მომზადდა, თუმცა მალე პირველმა მსოფლიო ომმა მეცნიერთა გეგმები შეცვალა. შეუძლებელი გახდა უცხოეთის ბიბლიოთეკებში ვიზიტი ხელნაწერთა კოლაციონირებისათვის, ან მათგან ფოტოპირების გამოთხოვა, თავად მეცნიერებიც მიმოიფანტნენ. შესაბამისად, გადაწყდა, რომ არა editio critica maior, არამედ editio minor მოემზადებინათ. ორივე ტიპის გამოცემაში გამომცემლის მიერ დადგენილი, ჰიპოთეტური ტექსტი იბეჭდება კრიტიკული აპარატითურთ, ოღონდ editio critica maior-ის შემთხვევაში აბსოლუტურად ყველა წყაროა გათვალისწინებული: უშუალოდ ტექსტის შემცველი ხელნაწერებიც, მისი თარგმანებიც, ციტატებიც, წარწერებიც, მოკლედ ყველაფერი, სადაც ესა თუ ის ტექსტი რაიმე ფორმით არის ფიქსირებული, editio minor-ი კი წყაროების შეზღუდულ რაოდენობას ემყარება. რალფსი სეპტუაგინტას editio minor-ის მომზადებისას მხოლოდ უნციალურ (მაშასადამე კაპიტალური ასოებით გადაწერილ), მე-4–მე-6 საუკუნეების ხელნაწერ წყაროებს დაეყრდნო. ეს გამოცემა რალფსმა 1935 წელს დაასრულა, თუმცა გამოცემის ორი ნაკვეთი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ბიბლიის ყველა წიგნის editio critica maior-ის პუბლიკაცია კი შემდეგი 100 წლის განმავლობაში, მაშასადამე 2015 წლამდე პერიოდში დაიგეგმა და დაიწყო ასწლიანი პროექტი გიოტინგენის სეპტუაგინტას გამოცემისა.

ასე მომზადდა ვევერსის – უდო ქვასტის ასისტენტობით – (ხუთწიგნეული), ციგლერის (დიდ და მცირე წინასწარმეტყველთა წიგნები, ასევე სოლომონის სიბრძნე, ზირაქის სიბრძნე და იობი), ჰანჰარტის (მეორე ნეშტთა, ტობი, ესთერი, ივდითი, ეზრა-ნეემია), ქვასტის (რუთი) გამოცემები, ოღონდ, გამომცემლებს ასისტენტთა მთელი არმია ჰყავდა და გამოცემის საფეხურები და მეთოდოლოგიაც წინასწარ იყო გაწერილი.

კოლაციონირების რვეულებში იწერებოდა ბიბლიის ტექსტი ყველაზე გავრცელებული გამოცემის მიხედვით. შემდეგ ხდებოდა ხელნაწერების კოლაციონირება. თითოეული ხელნაწერი ორი სხვადასხვა სტუდენტის მიერ იკითხებოდა და ვარიანტები კოლაციონირების რვეულებში აისახებოდა. ხელნაწერთა წაკითხვები კიდევ ერთხელ გამოცდილი პალეოგრაფების მიერ მოწმდებოდა. გამომცემელი საერთო იკითხვისების მიხედვით ადგენდა ხელნაწერთა რეცენზიულ და რაოდენობრივ ჯგუფებს. შემდეგი საფეხური ვარიანტების ევალუაცია, მარტინ ვესტის სიტყვებით რომ ვთქვათ, აწონა და თავდაპირველი და მეორეული იკითხვისების დადგენაა, რასაც ტექსტის კონსტრუირება და შემდეგ აპარატის შედგენა მოჰყვება. ზემოთ ვახსენე, რომ editio critica maior-ში, ციტატებთან ერთად, თარგმანებსაც ითვალისწინებდნენ. თარგმანების კოლაციონირებაზე ან თავად გამომცემელი მუშაობდა ან მისი სტუდენტები, რომელთაც გამომცემელი ავალებდა ამა თუ იმ ენის შესწავლას და შემდეგ თარგმანებზე მუშაობას. მართლაც, რომ ჩახედოთ სეპტუაგინტას გამოცემებს, კრიტიკულ აპარატში ნახავთ ბიბლიის ეთიოპური, საჰიდურ-ბოჰარული, სირიული, ლათინური, სომხური თარგმანების ვარიანტებს, მოკლედ ყველა ძველ თარგმანს, გარდა ქართულისა. 

ქართული ბიბლია და სეპტუაგინტას კვლევები

ბიბლიის ძველი ქართული თარგმანის დარჩენა ამ უმნიშვნელოვანესი საუკუნოვანი საუკუნის პროექტის მიღმა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. ერთი და უმთავრესი, ალბათ, ქართული ბიბლიის მკვლევართა შორის ნიკო მარის წყალობით დამკვიდრებული შეხედულება იყო, რომ ბიბლია ქართულად სომხურიდან ითარგმნა, იმ სომხურიდან, რომელიც თავის მხრივ სირიულიდან იყო თარგმნილი, თანაც ეს სომხური თარგმანიც და სირიულიც დაიკარგა და ქართული მათი ერთადერთი გადარჩენილი შთამომავალი იყო, რომლის მთავარ ფუნქციადაც დაკარგული სომხურ-სირიულის აღდგენა განისაზღვრა.

ეს იდეა ბიბლიის ქართულ თარგმანზე მომუშავე ქართველი თუ უცხოელი მკვლევრებისათვის დაურღვეველ დოგმად იქცა. მართებული დასკვნის გამოტანას ისიც უშლიდა ხელს, რომ ქართველი მკვლევრები რალფსის გამოცემას იყენებდნენ, რომელიც მხოლოდ წყაროთა მცირე ნაწილს ემყარება, უცხოელები კი ბიბლიის მოსკოვურ გამოცემას, ანუ ბაქარის ბიბლიას, რომელიც, თავის მხრივ, ეკლექტურ ტექსტს, ზოგჯერ სლავურიდან თარგმნილსაც, ან საბას მიერ სომხურის მიხედვით ნასწორებს, შეიცავდა. რადგანაც ყველა მრუდე სარკეში იყურებოდა და კვლევა გაუმართავ მეთოდოლოგიას ემყარებოდა, დასკვნები ბიბლიის ქართულ თარგმანზე თითქმის არასოდეს შეესაბამებოდა რეალობას.

ვითარება 1990-იან წლებიდან შეიცვალა, როცა რკინის ფარდა დაირღვა, საზღვრები გაიხსნა და ანა ხარანაული, როგორც ჰუმბოლდტელი, გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტში წავიდა სამუშაოდ, რამაც ქართველი ბიბლიოლოგებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ბერძნული ბიბლიის წყაროები და კვლევის მეთოდოლოგია, რომლითაც სეპტუაგინტას ინსტიტუტში იკვლევდნენ ბიბლიის ტექსტს. ეს იყო შესაძლებლობა ინტეგრაციისა, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის ქართული სამეცნიერო სკოლისა და ბიბლიის ქართული თარგმანის გაცნობისა, იმ ბურუსის გარღვევისა, რომელიც ქართული ბიბლიის გარშემო საბჭოთა იზოლაციამ და სხვა გარემოებებმა წარმოქმნა. 

ანას სტუდენტებმა 2000-იანი წლების დასაწყისიდან მისი მონათხრობით გავიცანით გიოტინგენი, გიოტინგენის უნივერსიტეტი და მისი ბიბლიოთეკა, სეპტუაგინტას ინსტიტუტი და ლაგარდის სახლი, ანელი ემელეუსი, რობერტ ჰანჰარტი, უდო ქვასტი და დეტლევ ფრენკელი, პიტერ ჯენტრი, ოლივიე მიუნიხი, კრისტინ დე ტროიერი, ემანუელ ტოვი და ვილიამ ვევერსი... მისი მონათხრობით გავიგეთ, თუ როგორ კითხულობდა ხელნაწერებს უდო ქვასტი, როგორ ზედმიწევნით იცნობდა ხელნაწერებს დეტლევ ფრენკელი, სად შეიძლებოდა ხელნაკეთი შოკოლადისა თუ გერმანული ძეხვეულის დაგემოვნება, სად იყო ნონენშტიგი, ტყე და ობსერვატორია, მატარებლების სადგური და სხვა მრავალი.

შემდეგ მე და ნათია დუნდუა გიოტინგენის სეპტუაგინტას საზაფხულო სკოლასაც დავესწარით და გიოტინგენიც ხომ პირადად გავიცანით. გავიცანით მეცნიერებიც, რომლებიც ებრაულ და ბერძნულ ბიბლიას იკვლევენ. 2012-ში ფინელი ბიბლიოლოგების მონაწილეობით უკვე თბილისში გავმართეთ სემინარი, 2015-ში – სიმპოზიუმი. ამასობაში ჩვენც გავმრავლდით. მე, ნათიას, ციცისა და ქეთის (ბიბლიის ფილოლოგიის პირველი თაობის სტუდენტებს), გიორგი, ნონა, თამუნა, ლალი, ლიკა, ანა, თიკო და სხვა მრავალნი შემოგვიერთდნენ. ამას მოჰყვა თბილისის სამუშაო შეხვედრა 2018-ში ჰელსინკის უნივერსიტეტის ექსელენს ჯგუფების მონაწილეობით და საერთაშორისო კონფერენცია 2022-ში. 

ამავდროულად, ჩვენც ავიდგით ფეხი. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას კონგრესებსა და კონფერენციებზე ხან ცუდად ხან კარგად გავაცანით ქართული ბიბლია და საკუთარი თავი. ასე ჩავერთეთ საერთაშორისო პროექტებში. ეკლესიასტეს ქართული თარგმანის იკითხვისები ბერძნული ტექსტის გამომცემელთან, პეტერ ჯენტრისთან თანამშრომლობით, ნათია დუნდუამ შეიტანა გიოტინგენის გამოცემის კრიტიკულ აპარატში. გამოსაცემად მომზადებულია პირველი მეფეთას ტექსტიც უკვე ქართულის იკითხვისებით, რომლებიც მე შევიტანე გამოცემის კრიტიკულ აპარატში.

2023 წლიდან დაარსდა ახალი სერია, გიოტინგენის სეპტუაგინტას დამატება, რომელშიც სეპტუაგინტას თარგმანები გამოიცემა. სწორედ ამ სერიაში დაიბეჭდება მცირე წინასწარმეტყველთა ძველი ქართული თარგმანი (გამომც. ანა ხარანაული), შემდეგ ესთერი (გამომც. ნათია მიროტაძე), ტობი (გამომც. ნათია დუნდუა) და სხვა წიგნებიც. თუმცა თანამშრომლობა ამით არ მთავრდება.

ჰუმბოლდტის ინსტიტუციური თანამშრომლობის გრანტი

2025 წლიდან გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტის მემკვიდრესთან, ახალ ოცწლიან პროექტთან, ბერძნული ფსალმუნის Editio critica maior-თან, რომელსაც კვლავ ლაგარდის სახლი მასპინძლობს და რომელიც გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით ხორციელდება, გვაქვს ჰუმბოლდტის ინსტიტუციური თანამშრომლობის სამწლიანი გრანტი. გრანტის ფარგლებში უნდა მოვამზადოთ მცირე წინასწარმეტყველთა და მე-4 და მე-6 გალობების ძველი ქართული თარგმანების ელექტრონული გამოცემა.

ბერძნული ფსალმუნის გამოცემის პროექტი 21-ე საუკუნის პროექტია და, შესაბამისად, დიგიტალური ჰუმანიტარიის მეთოდებს, მიდგომებსა და შესაძლებლობებს იყენებს ხელნაწერებისა და ტექსტის დამუშავებისათვის. დიგიტალური ინფრასტრუქტურაც შესაბამისად აქვს მოწყობილი და თავის პლატფორმაზე მცირე წინასწარმეტყველების ძველი ქართული თარგმანის ელექტრონული გამოცემისთვისაც გამოყოფს ადგილს.

ვებაპლიკაცია, რომლითაც გამოცემა უნდა მომზადდეს, იძლევა საშუალებას ერთმანეთის გვერდიგვერდ განთავსდეს და შეთანადდეს ხელნაწერის ფოტო (OpenSeadragon-ის მეშვეობით) და ხელნაწერის ტრანსკრიბირებული ტექსტი, რომელიც TEI-XML სტანდარტების შესაბამისად Online Transcription Editor (OTE)-ით მზადდება. OTE იძლევა საშუალებას მოინიშნოს ტექსტის არაერთი თავისებურება: საზედაო ასოები, რუბრიკაცია და ამისთვის გამოყენებული მელნის ფერი, სასვენი ნიშნები, დაქარაგმება, ტექსტის განლაგება გვერდზე (სვეტების რაოდენობა, სტრიქონების რაოდენობა), სარკის დაცვის მიზნით ხაზსზემოთ ან ხაზსქვემოთ ადგილნაცვალი ნაწილები სიტყვისა, სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების მარგინალიები, გადამწერის მიერ დაშვებული შეცდომები, კორექტურები და კორექტირების მეთოდები, შეიძლება ითქვას, ხელნაწერის არაერთი კოდიკოლოგიური თავისებურებისა და ტექსტის ზუსტი ტრანსკრიბირების საკმაოდ მოქნილი და მომხმარებლებზე მორგებული საშუალებაა, რომელიც ჩანაწერს XML ფორმატში ინახავს. 


ხელნაწერის კოდიკოლოგიური თავისებურებების მონიშვნისას და ტექსტის ტრანსკრიბირებისას რაღაცნაირი აზარტი გიპყრობს ადამიანს, გინდა ყველა დეტალი მაქსიმალური სიზუსტით მონიშნო. გონებაში საძიებო სისტემაც წარმოდგენილი გაქვს და გინდა ყველა ის დეტალი ასახო, რომლებიც სხვადასხვა კვლევასა თუ მკვლევარს, შეიძლება აინტერესებდეს. ტექსტის ტრანსკრიბერი კი ასეთი აზარტისა და სიზუსტისთვის შექმნილი არაა (ჯერჯერობით), დეველოპერებს კი არ სცალიათ იმისთვის, რომ გამომცემლებსა და კოდიკოლოგებს მოუსმინონ და აპლიკაცია მათი მოთხოვნების შესაბამისად დახვეწონ.

ამგვარად, უშუალოდ ხელნაწერთა ტექსტების ტრენსკრიბირებით შექმნილი კორპუსი, შესაბამისად ლემატიზებული და დამუშავებული, საშუალებას მოგვცემს თვალი მივადევნოთ ამა თუ იმ ენობრივი მოვლენის განვითარებასა და ისტორიას.

უკვე მონიშნული კოდიკოლოგიური თავისებურებები, შესაბამისი საძიებო სისტემებით აღჭურვილი, გააადვილებს გადამწერთა ჩვევების, სკრიპტორიუმების, პალეოგრაფიული თუ კოდიკოლოგიური, კულტუროლოგიური, პროსოპოგრაფიული კვლევებისათვის საჭირო ინფორმაციის სწრაფ მოძიებას.

ასე ტრანსკრიბირებული ტექსტების საფუძველზე შეიძლება შეიქმნას მორფოლოგიური ანალიზატორი, შეიქმნას აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება თარგმანისა და დედნის შეთანადება და მრავალენოვანი კორპუსების შექმნა, შესაძლებელი იქნება თარგმანის ტექნიკისათვის საინტერესო სხვადასხვა ენობრივი მოვლენების მონიშვნა. ამგვარად შეთანადებული ტექსტების შესაბამისი საძიებო სისტემებით აღჭურვა გაადვილებს ლექსიკონების შედგენასაც, რადგან შესაძლებელი იქნება, ქართულ-ბერძნული და ბერძნულ ქართული თუ სომხურ-ქართულ და ქართულ-სომხური (სომხურ-ქართული თარგმანების შემთხვევაში) შესატყვისობების დადგენა, ხელნაწერის სიზუსტით იქნება შესაძლებელი იმის განსაზღვრა, სად და როდის ჩნდება ესა თუ ის ლექსემა. მოკლედ, ხელნაწერისა და მასში დაცული ტექსტის ტრანსკრიბირება-გამოწვლილვითი მონიშვნა უპირველესი და ამ ეტაპზე განხორციელებადი საფეხურია ქართულ ბიბლიოლოგიასა თუ ხელნაწერმცოდნეობაში, რასაც სამომავლოდ საძიებო სისტემები და სხვადასხვა ტიპის კორპუსები დაემყარება. 

ჰუმბოლდტის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში 2025 წლის სექტემბერ-დეკემბერში ქართული ბიბლიის კვლევის ჯგუფის 9 წევრი იყო მივლენილი გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტში. ამ დროის განმავლობაში ვიმუშავეთ მცირე წინასწარმეტყველების ძველი ქართული თარგმანების ტრანსკრიბირებაზე, გარდა იმისა, რომ გავეჩვიეთ ტრანსკრიბირების პროგრამას, ჩავინიშნეთ ის დეტალები, რომელთა მონიშვნაც საჭიროა, თუმცა ამჟამად აპლიკაციას საამისოდ დახვეწა და განვითარება სჭირდება, ჩავინიშნეთ აპლიკაციის ხარვეზები (ბაგები), გავაცანით ჩვენი ინიციატივები პროექტის დეველოპერს და ჩავნიშნეთ შემდეგი შეხვედრები. 

ლაგარდის სახლის მეორე სართულზე (ან პირველზე, გააჩნია, სართულებს გერმანულად დაითვლი თუ ჩვენებურად) დიდ სამუშაო ოთახში, რომელშიც სეპტუაგინტას ინსტიტუტის ბიბლიოთეკის ნაწილიც ინახება, გამოგვიყვეს სამუშაო სივრცე: მაგიდები რომელთა სიმაღლის დარეგულირებაც შეიძლება, დიდი ეკრანები, მაგიდის განათება და საოფისე სკამები, ხელის გაწვდენაზე იყო საუკუნის განმავლობაში ბიბლიის საკითხებზე ნაგროვები ბიბლიოთეკა, ჩვენს გვერდით ან გვერდით ოთახებში ისხდნენ ამერიკელი, იტალიელი, გერმანელი, ბულგარელი კოლეგები, რომლებსაც ხშირად ვაკითხავდით კითხვებით და ისინიც დაუზარებლად გვაძლევდნენ პასუხს და პროგრამაში მუშაობის გამოცდილებით მიგნებულ იოლ გზებსაც გვიზიარებდნენ. კოლეგებთან კონტაქტი და მათთან კომუნიკაცია არასამუშაო გარემოშიც იყო შესაძლებელი, ყოველდღიური ლანჩები, გასვლითი სამუშაო შეხვედრები თუ ჯგუფის წევრთა დასაახლოებლად გამართული ექსკურსიები კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის კონტაქტების დასამყარებლად.

პარტნიორობის ფარგლებში სეპტუაგინტას ინსტიტუტის თანამშრომლებიც ჩამოვლენ საქართველოში. საუბრისა და მსჯელობის თემა, რა თქმა უნდა, კვლავ ხელნაწერები და ელექტრონული გამოცემები იქნება, მიზანი კვლავ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვაა, ოღონდ უნივერსიტეტის მე-7 კორპუსის გაყიდვამ თუ გაჩუქებამ ჩვენი ჯგუფი სამუშაო სივრცის გარეშე დატოვა და არისტო ქვაშავიძესავით ბრეგაძეებს თუ მივადგებით ჩვენი სტუმრებიანად, ბრეგაძეების გასაჭირისა კი თქვენც იცით: არც სკამი, არც მჭადი, არც კიბე.


ნათია მიროტაძე

Comments

Popular posts from this blog

გიოტინგენის ქრონიკები II – ლაგარდის სახლი და იოანე ზოსიმე

ჩემი პირველი მოგზაურობა გერმანიაში, ჩემდა გასაკვირად, და, ამასთანავე, სასიხარულოდ, საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. მოგზაურობას თან ახლდა შფოთვები, უსაფუძვლო შიშები, როგორებიცაა სიახლის, ფრენის, რაიმე ნივთის ანდა ჩემი თავის დაკარგვისა... თუმცა გამიმართლა და მარტოს არ მომიწია პირველად მოგზაურობა ევროპაში, მგზავრობისას ჩემი მთავარი მოვალეობა იყო, ლალი ვაშაყმაძეს და ნათია დუნდუას არ ჩამოვრჩენოდი (რაც არცთუ ისე ადვილი ამბავია).   მოკლედ, რადგან ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა, როგორც ნინო გიორგაძემ დამიწერა, პირველი გაევროპელება, ბლოგის დაწერაც მე დამევალა. მართალია, არ გამოვირჩევი ენაწყლიანობით, თუმცა ვეცდები, ჩემი თვალით დანახული გიოტინგენი თქვენც დაგანახოთ . უკვე იცით წინა ბლოგიდან  (იხ. გიოტინგენის ქრონიკები I – ტრანსკრიბირება, შოკოლადის პუდინგი და ორგანი ) , თუ რა იყო ჩვენი გერმანიაში გამგზავრების მიზეზი და მიზანი, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები . გაგვიმართლა, გიოტინგენში ყოფნა მოგვიწია ისეთ დროს, როცა შეგვეძლო ნათლად დაგვენახა სეზონის ცვლილება, ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ყოველ დილით ...

გიოტინგენის ქრონიკები I – ტრანსკრიბირება, შოკოლადის პუდინგი და ორგანი

სექტემბრის გიოტინგენი — დაფოთლილი, ჯერაც ღაჟღაჟა ბროწეულისფერი ფოთლებით, შიგადაშიგ მანდარინის ქერქის მსგავსად მომწვანო და მოყვითალო გრადაციებში გახვეული ხეები და ოქროსფერშერეული ნაძვები, მშვიდი შემოდგომის ქუჩები, ფერადი სახლები, შხაპუნა წვიმა, სველ ველობილიკზე მოშხრიალე საბურავები, ბაღები და უშველებელი მდელოები. ქალაქი, სადაც ლაგარდის სახლია და სადაც ერთი თვე მოგონებებს ვქმნიდი.  აეროპორტში ტაქსი 3 საათით ადრე დავჯავშნე და დათქმულ დროზე საათნახევრით ადრე მივედი. რომ გეკითხათ, არ ვღელავდი. თუმცა, მართლაც, არ ვღელავდი, უფრო აღტაცება და მომავალი ერთი თვის მოლოდინები მიპყრობდა.  ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის სახელობის ფონდში გრანტზე ( https://www.humboldt-foundation.de ) განაცხადი შევიტანეთ (საპროექტო წინადადება თავის თავში მცირე წინასწარმეტყველთა შემცველ ძირითად ხელნაწერთა პროგრამულ ტრანსკრიბირებას მოიცავდა), ჩვენი ხელმძღვანელის, პროფ. ანა ხარანაულის უშუალო ხელმძღვანელობით. ამავე უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა გრანტის წერა-შევსება-თარგმნის პროცესიც,...