Skip to main content

საერთაშორისო სიმპოზიუმი – ბიბლია სიტყვებსა და სახეებში

 

და აი, ეს დღეც დადგა...

სიმპოზიუმი კორონამდელ ეპოქაში დაიგეგმა, 2019 წლის იანვარში, როდესაც ანა ხარანაული და მე (ნათია მიროტაძე) ჰუმბოლდტის სტიპენდიით გეტინგენში ვიმყოფებოდით. სამუშაო სივრცე ლაგარდის სახლში გამოგვიყვეს, რომელიც გეტინგენის სეპტუაგინტას საუკუნოვანი პროექტის სახლიც გახლდათ 2015 წლამდე და რომელიც ამჟამად ბერძნული ფსალმუნნის გამოცემისა და კოპტური ბიბლიის დიგიტალური გამოცემის პროექტებს მასპინძლობს. 

სეპტუაგინტა და მისი ძველი თარგმანები, ქართული და კოპტური, საუბრები თარგმანებზე, დედნებზე, წყაროებზე, თარგმანის ტექნიკაზე, მეორე სჯულისა და ლევიტელთას ამოუცნობ ჩიტებზე... და იდეაც დაიბადა, რომ ეს ყველაფერი კულისებიდან სცენაზე გადასულიყო და სიმპოზიუმის სახე მისცემოდა. ფელიქს ალბრეხტი, სეპტუაგინტას ფსალმუნნის კრიტიკული გამოცემის პროექტის ხელმძღვანელი, და ფრანკ ფედერი, კოპტური ბიბლიის პროექტის ხელმძღვანელი, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ იდეას და თბილისში ჩამოსვლის მზადყოფნაც გამოთქვეს.

საქმეს რომ კარგი პირი უჩანდა, იქიდან გამოჩნდა, რომ ამ იდეის პარალელურად რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმაც გამოაცხადა საკონფერენციო გრანტი და ანა ხარანაულის მოსაწვევ წერილზე, რომ სხვადასხვა ენობრივ სამოსელში გახვეულ ბიბლიას მისძღვნოდა კონფერენცია თბილისში, ისეთი მკვლევრები გამოეხმაურნენ, როგორებიც, მაგალითად, ემანუელ ტოვი (იერუსალიმი), ანდა ალისონ სალვესენი (ოქსფორდი) არიან.

სიტყვებს სახეებიც დაერთო, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ბიბლია არა მხოლოდ სხვადასხვა ენაზე, არამედ ილუსტრაციებსა და ფრესკებშიც ითარგმნებოდა. მაშასადამე, სიმპოზიუმისთვის ორი მთავარი მიმართულება – ბიბლიის ფილოლოგია და ხელოვნებათმცოდნეობა განისაზღვრა.

2020 წლის ზამთრის მიწურულს, საშობაო არდადაგებიდან დაბრუნებულნი, ის-ის იყო სიმპოზიუმისთვის სამზადისს უნდა შევდგომოდით, რომ პანდემიამ იფეთქა და მომავალი უკეთესი გაზაფხულის იმედით სიმპოზიუმი ერთი წლით გადავდეთ. არც 2021 წლის მაისი გამოდგა უკეთესი და გაჩნდა კითხვა, ონლაინ ხომ არ ჩაგვეტარებინა?

ზუმი და სხვა მსგავსი ონლაინპლატფორმების სიკეთე ერთბაშად დაინახა საქმიანმა სამყარომ, აღარაა საჭირო ორდღიანი ფრენა ერთდღიანი შეხვედრის გასამართად. ხელის ჩამორთმევასაც გადავეჩვიეთ და ეკრანზე გაღიმება ვისწავლეთ. მიუხედავად ამისა, ვისაც მოგვიხდა თითქმის სამწლიანი (შეიძლება ორწლიანი იყო, მაგრამ მე მგონია, უსასრულოდ გაგრძელდა და ორ წელიწადში ვერ ჩავატევ) უძრაობის განმავლობაში ონლაინკონფერენციაში მონაწილეობის მიღება, კი ვიცნობთ განცდას, რომ თითქოს ცარიელ ოთახში საკუთარ თავს ელაპარაკები, არ გვაქვს აუდიტორიასთან კონტაქტი და ინტერაქცია, ისიც კი არ იცი, ვინ ესწრება და გისმენს. არც მოსმენაა ადვილი. მოკლედ, როცა არჩევანია, ზუსტად იცი, რომ არა, ონლაინკონფერენცია არ გინდა!

ასეთივე იყო კონფერენციის უცხოელ მონაწილეთა პასუხიც, როდესაც არჩევანი კონფერენციის გადადებასა და ონლაინპლატფორმაზე ჩატარებას შორის შევთავაზეთ. ოღონდ მათ, გარდა იმისა, რომ, ალბათ, ჩემსავით, გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე, აღარ უნდოდათ მორიგი ონლაინკონფერენცია, კიდევ ერთი მიზეზიც ჰქონდათ – საქართველოში ჩამოსვლა. ეს ის შემთხვევაა, კი იცი, რომ სადღაც კარგია, ლამაზი ბუნებაა, გემრიელი სამზარეულო, მაგრამ მაინც შორსაა, ოკუპირებულია, რუსი ჯარისკაცები მოგონილი საზღვრის დარღვევისთვის ხალხს იტაცებენ და ისევ სადმე ნაცნობ ქვეყანაში წახვალ, მერე რა, რომ ძველია და კარგად ნაცნობი. ახალ და იქნებ საშიშ საქართველოში მოგზაურობას კი კარგი მიზეზი სჭირდება, და როცა ეს განსაკუთრებული მიზეზი – საერთაშორისო სიმპოზიუმი „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“ – გაქვს, ნამდვილად ვერ გაცვლი მოსაწყენ ონლაინკონფერენციაში. ჩვენც, ორგანიზატორებსაც, ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია, გავმართოთ მაღალი აკადემიური ხარისხის კონფერენცია და ისე ვუმასპინძლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომ წავიდნენ განცდით, მართალია, ცოტა შორსაა, ცოტა სხვანაირია, მაგრამ, დიახ, ევროპულია.

სამზადისი

არ ღირს დეტალურად აღვწეროთ ის კოლოსალური შრომა, რომელიც სიმპოზიუმის ორგანიზებისთვის გაიწია. მცირე დეტალებიც კი საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ხელმძღვანელი, ანა ხარანაული, ადგენს დავალებების ნუსხას და თითოეულს საკუთარი გამოცდილებისა და შესაძლებლობების მიხედვით გვინაწილებს. რამდენიმე თვით ადრე, თითქმის ყოველ საღამოს, პროექტის თანახელმძღვანელ ზაზა სხირტლაძესთან ერთად, გვკრებს ზუმში (პანდემიის ამ მონაპოვარზე დაგეგმვის ნაწილში ალბათ მომავალშიც არ ვიტყვით უარს), ვარჩევთ საიტის დიზაინს, ფოტოებს, შრიფტებს... ვიწუნებთ, ისევ თავიდან ვარჩევთ... ანა თავად ამოწმებს ყოველ დეტალს, ზრუნავს აეროპორტში დამხვედრი ტრანსპორტის გამართულობასა და კომფორტულობაზე. აფრთხილებს მონაწილეებს, გასვლითი სესიისთვის მოემზადონ ამინდისა და რთული რელიეფის შესაბამისად.

კონფერენციამდე ერთი თვით ადრე გაირკვა, რომ რამდენიმე მომხსენებელი ჯანმრთელობისა თუ პანდემიის მიზეზით შეცვლილი გეგმების გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებს. მაშასადამე, ჰიბრიდული კონფერენციის ორგანიზებაც უნდა მოვასწროთ.

რამდენიმე თვის განმავლობაში ლალი ვაშაყმაძე მოსვენებას არ აძლევს თსუ-ს აიტიდეპარტამენტის თანამშრომელ კახა მღებრიშვილს (კონფერენციის საიტია მოსამზადებელი). ნათია დუნდუა აგზავნის და იღებს წერილებს, რაზეც ერთ-ერთი მონაწილე გამომშვიდობებისას გაეხუმრა კიდეც, რომ ორწლიანი ინტენსიური მიმოწერის შეწყვეტის შემდეგ ნათიასგან მიღებული საქმიანი წერილები შემოაკლდება და, ალბათ, დეპრესიაც კი დაეწყება.

ბოლო კვირაში ფაციფუცი პიკს აღწევს. პატარა დეტალიც კი არ უნდა გამოგვეპაროს და ყველაფერი წყალში არ ჩავყაროთ. ორიგენეს დამხმარე გრამატიკოსების მსგავსად, ყველა რაღაცას თარგმნის, ასწორებს, ბეჭდავს... და დაქრიან უნივერსიტეტის მარმარილოს კიბეებზე „სეპტუაგინტა“ და ხელოვნებათმცოდნე გოგო-ბიჭები ქაღალდების დასტებით, შნურებით, წყლის ბოთლებით, ყავა-ჩაის მადუღარით...

დღე პირველი

სიმპოზიუმი გაიხსნა ებრაელი მხატვარ-ილუსტრატორის ლიკა ტოვის ძველი აღთქმის თემატიკის ნახატების გამოფენით. წარმოდგენილ პრინტებს შორის ჭარბობდა რვაწიგნეულის სიუჟეტები. თვალი მომწყვიტა ნოეს კიდობნის ბინადრების გამოსახულებებმა.  ქალბატონმა ლიკამ მოხსენებაც წაიკითხა იმის შესახებ, თუ როგორ ხატავს სხვადასხვა და ერთი ეპოქის მხატვარი (მათ შორის თვითონაც) ბიბლიის ერთსა და იმავე სიუჟეტს.

მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარსდგა ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორი და თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ანა ხარანაული. მან საზოგადოებას წარუდგინა ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ვებგვერდი, მოკლედ მოუთხრო ცენტრის დაარსების ისტორია და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელთაც წვლილი შეიტანეს ამ იდეის განხორციელებაში.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა თსუ-ის პროფესორი ზაზა სხირტლაძე, კონფერენციის თანაორგანიზატორი, ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ერთ-ერთი მიმართულების – ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელოვნების – ხელმძღვანელი.

კონფერენციის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემაც.

სტუმართაგან სიტყვა წარმოთქვეს ემანუელ ტოვმა, ფელიქს ალბრეხტმა და ერიკ თუნო

დღე მეორე

სესიები დილის 10 საათზე იწყება, მაგრამ ჩვენ გაცილებით ადრე ვიკრიბებით. უნდა შევამოწმოთ, ხომ ნამდვილად ყველაფერი გამართულად მუშაობს. ორი მომხსენებელი უნდა ჩაგვერთოს ზუმის მეშვეობით. დატვირთული დღეა, სესიები საღამოს 6 საათამდე გრძელდება.

ჩვენთვის ეს სიმპოზიუმი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ შესაძლებლობა გვქონდა ფართო და დაინტერესებული საზოგადოებისათვის წარგვედგინა ჩვენი ჯგუფის მიერ მომზადებული ბიბლიის ფაუნის ლექსიკონი, რომელზე მუშაობაც 2017 წელს თსუ-ს სტუდენტური გრანტის ფარგლებში დავიწყეთ. პირველი ვერსია ხუთწიგნეულის საფუძველზე მოვამზადეთ და ახლაც  მუდმივად ვამატებთ მასალას ბიბლიის სხვა წიგნებიდან. ერთი მხრივ, წარმოვადგინეთ ლექსიკონი და მისი სტრუქტურა, მოხმარების წესები და სიტყვა-სტატიების აგებულება, მეორე მხრივ, კი ლექსიკონზე მუშაობის სირთულეები და მეთოდოლოგია. ისიც ვაჩვენეთ, თუ რამდენნაირი კვლევის შესაძლებლობას იძლევა იგი. შენიშვნები, შეკითხვები, გამოცდილებისა და აზრის გაზიარება სესიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.

სიმპოზიუმზე ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების პროექტის – ბიბლიური ტექსტები ქართულ ფრესკებზე – შედეგებიც წარედგინა საზოგადოებას. ზაზა სხირტლაძის, ირაკლი თეზელაშვილის, თამარ მაგრაქველიძის, სალომე მელაძისა და ელისაბედ უგულავას ერთობლივ მოხსენებას ქართულ კედლის მხატვრობაში არსებული ძველი აღთქმის ქართული და ბერძნული ციტატების შესახებ განსაკუთრებული გამოხმაურება შეკითხვებისა და შენიშვნების სახით ბიბლიის ტექსტოლოგთა მხრიდანაც მოჰყვა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  კედლის მხატვრობაში ფიქსირებული ციტატები ბიბლიის ტექსტის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი წყაროა და გამონაკლისს არც ქართული ფრესკები წარმოადგენს.

ქართლის მინდვრები და ყინწვისის ანგელოზი

გერმანულ პუნქტუალობაზე ყველას სმენია, ქართულ დაგვიანებაზეც, „მაგრამ ამდენ ხნით“? შეკრების ადგილზე ყველა დათქმულ დროს მოვიდა, თუმცა ავტობუსი არსად ჩანდა. აქ კი ვიღაცას ნამდვილად გამოეპარა პატარა (?!) დეტალი – ღილაკზე თითის დაჭერა დაავიწყდა, განცხადება არ აიტვირთა, კომპანიაში შეკვეთა არ შესულა... დაიწყო ალტერნატივის ძიება და თითქმის ორსაათიანი ლოდინის შემდეგ ძლივს მიაპობდა ჩვენი წყალათუხთუხებული „მარშრუტკა“ ქართლის ყაყაჩოებით გაპენტილ სოსანებგარეულ მინდვრებს.

საკუთარი თვალით ვუყურებთ, როგორ იხატება სიტყვა, ბიბლიის სხვადასხვა პასაჟი და განკაცებული ლოგოსი, სამთავისის „არაპროპორციული“ პანტოკრატორი. დახვეწილი გრიფონის ფიგურას „მანიერული“ ყინწვისის (როგორც ხელოვნებათმცოდნეები იტყოდნენ, ყინცვისის) მხატვრობა ცვლის. თბილი სილურჯე და ყინწვისის ანგელოზის სიმშვიდე დილანდელ უსიამოვნო შემთხვევას სრულ დავიწყებას აძლევს. გასვლითი სესია ერთი-ორად საინტერესოა, რადგან ბატონ ზაზა სხირტლაძეს მიჰყავს. 

გრაკლიანი გორა და „კორონაფრენდლი“ ჭინჭილა

გრაკლიანი გორის არქეოლოგიურ მუზეუმში თსუ-ის პროფესორი, არქეოლოგი, ვახტანგ ლიჩელი, გვმასპინძლობს. შესაძლებლობას გვაძლევს, აქ აღმოჩენილი არტეფაქტები ახლოს და დეტალურად ვნახოთ. და დიახ, ის ცნობილი გრაკლიანის წარწერაც ვნახეთ და არამარტო ვნახეთ! პროფესორმა ემანუელ ტოვმა, რომელიც ებრაული ბიბლიის სპეციალისტია, ყუმრანის გრაგნილების გამშიფრავი და გამომცემელი და არამეული და ხაზოვანი დამწერლობებიც მისი ექსპერტიზის სფეროა, განსაკუთრებული ინტერესითა და გულმოდგინებით დაათვალიერა არქეოლოგიური არტეფაქტი და მეცნიერულად შესასწავლად, საბოლოო დასკვნისა თუ, ვინ იცის, გაშიფვრისთვის თანამშრომლობაც დაიგეგმა.

დამღლელი და ემოციებით დატვირთული დღის ბოლოს ბატონი ვახტანგი ვახშამზე გვეპატიჟება. ნამდვილი ქართული სტუმარ-მასპინძლობა სუფრის წევრებს კორონავირუსის შიშსაც კი აძლევინებს და საერთო ჭინჭილას აცლევინებს. ფელიქს ალბრეხტი საქმიან, მაგრამ ჭეშმარიტ სადღეგრძელოს ამბობს: დაე, აღარასდროს დაბეჭდილიყოს ბიბლიის ბერძნული ტექსტი ქართული მასალის გაუთვალისწინებლად!

დამშვიდობება

დამშვიდობება კიდევ უფრო გულთბილი იყო, ვიდრე შეხვედრა. გაისმის მომავალი შეხვედრის სურვილები, გაჩნდა სამომავლო სიმპოზიუმებისა და ერთობლივი პროექტების იდეები. დაისახა ინსტიტუციური კავშირი სეპტუაგინტას ინსტიტუტსა და კოპტური ბიბლიის ელექტრონული გამოცემის ცენტრთან. თანამშრომლობა სხვადასხვაენოვანი ბიბლიის ელექტრონული სინოპტიკური გამოცემის მომზადებას გულისხმობს.

და ყველაზე მნიშვნელოვანი...

გულითად მადლობას ვუხდით სიმპოზიუმის ორგანიზატორებს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის. ჩვენს მეგობრებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, დაუზარელი საორგანიზაციო საქმიანობისთვის. ხარანაულებს სიმპოზიუმის ესთეტიკურ მხარეზე ფაქიზად ზრუნვისთვის, ხმისა და გამოსახულების უხარვეზოდ მოწოდების უზრუნველყოფისთვის. ბატონ რექტორს იდეის მხარდაჭერისთვის. შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს პროექტის დაფინანსებისთვის. მომხსენებლებს საინტერესო მოხსენებებისთვის. თსუ-ის თანამშრომლებს, თანამდებობით დიდებსა და მცირეებს. კახა მღებრიშვილს კონფერენციის საიტის მომზადებაზე გაწეული შრომისთვის. პროფესორ ვახტანგ ლიჩელსა და მის სტუდენტებს გულღია მასპინძლობისთვის. დამსწრე საზოგადოებასა და სტუდენტებს ინტერესისთვის და თქვენც ჩვენი ბლოგის წაკითხვისათვის.


                                                                                                                          თამარ მაგრაქველიძე

                                                                                                                                     ნათია მიროტაძე



 

Comments

Popular posts from this blog

გიოტინგენური ქრონიკები III, ანუ ევროპაში რა გვინდ(ოდ)ა

გიოტინგენური ქრონიკების პირველი ორი ნაწილიდან ( 1 , 2 ) უკვე მოგეხსენებათ, რომ სამი თვის განმავლობაში ქართული ბიბლიის კვლევის ჯგუფი სხვადასხვა შემადგენლობით ჰუმბოლდტის ფონდის ინსტიტუციური თანამშრომლობის გრანტის ფარგლებში გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტში იმყოფებოდა სამუშაოდ. ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდის გიოტინგენში გატარება მე (ნათია მიროტაძეს), თამარ მაგრაქველიძესა და თინათინ ჯიქურაშვილს გვერგო. არც ფერთა სიუხვე მოჰკლებია გიოტინგენს, არც საშობაო ბაზრობა და გლუვაინის სურნელი... სათქმელ-მოსაგონარიც ბევრია, მაგრამ ახლა ის უნდა გითხრათ, თუ რა გვინდოდა ევროპაში, ოღონდ ყველაფერი სულ თავიდან უნდა დავიწყო და ორიოდ სიტყვით უნდა ვთქვა, რა არის სეპტუაგინტა და გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტი.  სეპტუაგინტა, ანუ ბიბლიის სამოცდაათის თარგმანი თუკი ბიბლიაზე მუშაობ, სულ ერთია რომელენოვან თარგმანზე, ან თუ ფილოლოგიის შესავალი გაგივლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაშასადამე, სეპტუაგინტა შენი ყოველდღიურობის ნაწილია.  თუ არც ერთ ზემოხსენებულ ...

გიოტინგენის ქრონიკები II – ლაგარდის სახლი და იოანე ზოსიმე

ჩემი პირველი მოგზაურობა გერმანიაში, ჩემდა გასაკვირად, და, ამასთანავე, სასიხარულოდ, საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. მოგზაურობას თან ახლდა შფოთვები, უსაფუძვლო შიშები, როგორებიცაა სიახლის, ფრენის, რაიმე ნივთის ანდა ჩემი თავის დაკარგვისა... თუმცა გამიმართლა და მარტოს არ მომიწია პირველად მოგზაურობა ევროპაში, მგზავრობისას ჩემი მთავარი მოვალეობა იყო, ლალი ვაშაყმაძეს და ნათია დუნდუას არ ჩამოვრჩენოდი (რაც არცთუ ისე ადვილი ამბავია).   მოკლედ, რადგან ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა, როგორც ნინო გიორგაძემ დამიწერა, პირველი გაევროპელება, ბლოგის დაწერაც მე დამევალა. მართალია, არ გამოვირჩევი ენაწყლიანობით, თუმცა ვეცდები, ჩემი თვალით დანახული გიოტინგენი თქვენც დაგანახოთ . უკვე იცით წინა ბლოგიდან  (იხ. გიოტინგენის ქრონიკები I – ტრანსკრიბირება, შოკოლადის პუდინგი და ორგანი ) , თუ რა იყო ჩვენი გერმანიაში გამგზავრების მიზეზი და მიზანი, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები . გაგვიმართლა, გიოტინგენში ყოფნა მოგვიწია ისეთ დროს, როცა შეგვეძლო ნათლად დაგვენახა სეზონის ცვლილება, ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ყოველ დილით ...

გიოტინგენის ქრონიკები I – ტრანსკრიბირება, შოკოლადის პუდინგი და ორგანი

სექტემბრის გიოტინგენი — დაფოთლილი, ჯერაც ღაჟღაჟა ბროწეულისფერი ფოთლებით, შიგადაშიგ მანდარინის ქერქის მსგავსად მომწვანო და მოყვითალო გრადაციებში გახვეული ხეები და ოქროსფერშერეული ნაძვები, მშვიდი შემოდგომის ქუჩები, ფერადი სახლები, შხაპუნა წვიმა, სველ ველობილიკზე მოშხრიალე საბურავები, ბაღები და უშველებელი მდელოები. ქალაქი, სადაც ლაგარდის სახლია და სადაც ერთი თვე მოგონებებს ვქმნიდი.  აეროპორტში ტაქსი 3 საათით ადრე დავჯავშნე და დათქმულ დროზე საათნახევრით ადრე მივედი. რომ გეკითხათ, არ ვღელავდი. თუმცა, მართლაც, არ ვღელავდი, უფრო აღტაცება და მომავალი ერთი თვის მოლოდინები მიპყრობდა.  ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის სახელობის ფონდში გრანტზე ( https://www.humboldt-foundation.de ) განაცხადი შევიტანეთ (საპროექტო წინადადება თავის თავში მცირე წინასწარმეტყველთა შემცველ ძირითად ხელნაწერთა პროგრამულ ტრანსკრიბირებას მოიცავდა), ჩვენი ხელმძღვანელის, პროფ. ანა ხარანაულის უშუალო ხელმძღვანელობით. ამავე უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა გრანტის წერა-შევსება-თარგმნის პროცესიც,...