Skip to main content

ზალცბურგი-ადმონტი-გრაცი

ხშირად გამიგონია, ახალგაზრდებს ხელშეწყობა არ აქვთო, გასაქანი არ აქვთო, დაფინანსება არ არისო, ესაო, ისაო. მე და ჩემს მეგობარ-კოლეგებს, რაც ჰუმანიტარულ სამეცნიერო სივრცეში ვიშვით, არც ასპარეზი მოგვკლებია და არც ხელშეწყობა. ყველამ თავისი თქვას, მე ჩემსას ვიტყვი...

ამ სასწავლო წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მივიღე სადოქტორო კვლევისთვის - „მცირე წინასწარმეტყველთა საკითხავები ლიტურგიკულ კრებულებში“ (სხვათა შორის, ეს ფონდიდან მიღებული უკვე მესამე სტიპენდიაა.), რამაც საშუალება მომცა კვლევითი მიზნით წავსულიყავი ავსტრიაში — ზალცბურგსა და გრაცში. ზალცბურგის პარის ლოდრონის სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის კათედრა, ბიბლიური კვლევებისა და ეკლესიის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კრისტინ დე ტროიერი თავის გუნდთან ერთად ჩვენი გუნდის გულითადი მასპინძელია. ნათია მიროტაძემ აქ გაიარა პოსტდოკი, ლალი ვაშაყმაძე, ერაზმუსის სტიპენდიის წყალობით, ერთი სემესტრით ჩამოვიდა, მაგრამ კიდევ ერთი სემესტრით დარჩა პროფესორ კრისტინის მოწადინებით.


ხსენებულ ჯგუფს აქვს არაჩვეულებრივი ტრადიცია ერთად გაატაროს დასვენების დღეები. მათი მორიგი გასვლა ჩემი ვიზიტის დღეებს დაემთხვა და, როგორც „ჯორჯიან თიმ“-ის წევრი, თან წამიყვანეს. მოგზაურობა ერთ-ერთმა დოქტორანტმა, ბერმა პეტრუსმა (Petrus Dreyhaupt) დაგეგმა ადმონტის ბენედიქტელთა მონასტერში (https://stiftadmont.at/en/ueber-die-stiftsbibliothek/). მისი მეგზურობით დავათვალიერეთ მონასტრის ზღაპრული ბიბლიოთეკა, ვფურცლეთ 1600/1700 წლებში  დაბეჭდილი ბიბლიის პოლიგლოტები. ხელნაწერებიც, მათ შორის უძველესი, თითქმის გადაუშლელი, მე-11 საუკუნის ძველი აღთქმის მინიატურებიანი ხელნაწერი. დავტკბით წარმტაცი არქიტექტურით. მოვინახულეთ მუზეუმი, ასევე, მონასტერთან არსებული სკოლის საკლასო ოთახები და ბიბლიოთეკა. შემეცნებით ღონისძიებებს შორის იყო ტრადიციული სადილი, დამეგობრების საათი — საუბრები ბიბლიის ტექსტის ისტორიის, ჩვენი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

                                                                                                 

ზალცბურგში ყოფნისას შესაძლებლობა მქონდა დავსწრებოდი პროფ. დე ტროიერის ლექცია-სემინარებს, სადაც სწავლების, სამეცნიერო მუშაობის ერთნაირი მეთოდის, ერთი სამეცნიერო ენით მეტყველების წყალობით თავს სრულიად თავისუფლად ვგრძნობდი. ძველი აღთქმის ახალგაზრდა ქართველ მკვლევრებს ის ლიტერატურა გვაქვს წაკითხული, რასაც ჩვენი თანატოლები კითხულობენ აქ და სხვაგან. ტექსტზე იმავე მეთოდით ვმუშაობთ, როგორითაც აქ და სხვაგან. ჩვენი მასწავლებლისაგან მოგვისმენია გეტინგენში ბიბლიის ტექსტის მკვლევართა და გამომცემელთა გამოცდილების შესახებ, გვინახავს კოლაციონირების რვეულები. ერთ-ერთი ლექცია სწორედ ისო ნავესის ბერძნული ტექსტის გამოცემების განხილვასა და გეტინგენის კოლაციონირების რვეულების ჩვენებას მიეძღვნა. ლექციის დასაწყისში პროფესორმა დე ტროიერმა აღნიშნა, რომ „ჯორჯიან თიმ“-ისთვის ეს საკითხი ძალიან ნაცნობი და შესაძლოა, მოსაწყენიც კი იყოსო. აუცილებლად უნდა ვთქვა კიდევ ერთი ნაცნობი პრაქტიკის შესახებ. ლექცია-სემინარს ესწრებოდა პროფესორის ასისტენტი, კურსის წამყვანი, რომელიც იბარებს გამოცდებს, მონაწილეობს სხვადასხვა ნაშრომის განხილვაში, კონსულტაციას უწევს სტუდენტებს და უწერს მათ საბოლოო შეფასებას. ისევე, როგორც ჩვენ ვესწრებით პროფ. ანა ხარანაულის ლექცია-სემინარებს და ვმონაწილეობთ სხვადასხვა კურსის წაყვანაში. ერთი სემინარი სტუდენტების ნაშრომებს მიეძღვნა. აქაურმა დოქტორანტებმა პირველი წლის დასასრულს წაიკითხეს სადოქტორო კვლევის გეგმა, რომელიც ჩვენ დოქტორანტურაში მისაღებ ეტაპზე წარვადგინეთ. ლალიმ კი ივდითის ტექსტის ქართული თარგმანის ისტორიაზე მოუთხრო მათ.

მოგზაურობის ოთხი დღე გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ ხანმეტი ლექციონარის აღწერას დაეთმო. ნათია მიროტაძის პროფ. ერიხ რენჰარტთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით, ბიბლიოთეკაში მისულებს ქართული კოლექციის ხელნაწერები მაგიდაზე დაგვხვდა, თუმცა სამკითხველო დარბაზის თანამშრომლები პირადი კონტაქტების გარეშეც, მხოლოდ წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მზად არიან გემსახურონ. გვიმუშავია ხანმეტი ლექციონარის ფოტოპირებზე, მაგრამ წინაპრების ხელშენავლების ხელში ჭერა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. ხელნაწერთა რესტავრატორმა გვაჩვენა სვიმეონ სალოსის ცხოვრების პატარა ზომის ხელნაწერი, ყურადღება მიიპყრო იოანე-ზოსიმეს ხელით მწვანე ძაფით ჩაგვირისტებულმა კინძვამ. ვნახეთ მისივე ხელით გადაწერილი იაკობის ჟამისწირვის ხელნაწერიც. ნათიას სხვადასხვა ვიზიტის დროს დაწყებული ხანმეტი ლექციონარის დეტალური აღწერილობა დავასრულეთ. ბიბლიოთეკის გუნდმა შეგვიქმნა კომფორტული სამუშაო გარემო, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. თავისუფალ დროს, ბუნებრივია, ქალაქიც დავათვალიერეთ და ეგენბერგის სასახლესაც ვესტუმრეთ, სადაც  არაჩვეულებრივი მონეტების არაჩვეულებრივი გამოფენა ჰქონდათ (https://www.museum-joanneum.at/en/muenzkabinett/coin-collection), რომლის მოწყობის ტექნიკა ძალიან შთამბეჭდავი იყო და აკმაყოფილებდა ყველა კატეგორიის დამთვალიერებლის ინტერესს. 

ჩემს იქ ყოფნაში სამი იუბილე აღვნიშნეთ, ნათიასი, პროფ. კრისტინის და პროფ. ანასი ვირტუალურად. დიდი რამეო, ალბათ გაგეფიქრებათ, მაგრამ ამ დროს მთელი ინსტიტუტი შეიკრიბა და შევიხსენე, რომ ასეთი ურთიერთობები ჩვენთან ძალიან გაიშვიათდა. დაბადების დღის სიმღერის გარდა, ამ არაფორმალურ გარემოში საქმიანი საუბრებიც წარიმართა, გავიცანი არაერთი ცნობილი მკვლევარი.

დანარჩენს ფოტოები მოგითხრობენ...

P.S.

მადლობას ვუხდი ჩვენს ხელმძღვანელს, რომლის წყალობითაც ყველგან გულწრფელი სიხარულით გვმასპინძლობენ და თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ. მადლობა ნათიას, რომელმაც კავშირები კიდევ უფრო გაამტკიცა, და რომელმაც გვიპატრონა და გვიმეგზურა მე და ლალის.

თამარ მაგრაქველიძე

10.06.23



Comments

Popular posts from this blog

გიოტინგენური ქრონიკები III, ანუ ევროპაში რა გვინდ(ოდ)ა

გიოტინგენური ქრონიკების პირველი ორი ნაწილიდან ( 1 , 2 ) უკვე მოგეხსენებათ, რომ სამი თვის განმავლობაში ქართული ბიბლიის კვლევის ჯგუფი სხვადასხვა შემადგენლობით ჰუმბოლდტის ფონდის ინსტიტუციური თანამშრომლობის გრანტის ფარგლებში გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტში იმყოფებოდა სამუშაოდ. ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდის გიოტინგენში გატარება მე (ნათია მიროტაძეს), თამარ მაგრაქველიძესა და თინათინ ჯიქურაშვილს გვერგო. არც ფერთა სიუხვე მოჰკლებია გიოტინგენს, არც საშობაო ბაზრობა და გლუვაინის სურნელი... სათქმელ-მოსაგონარიც ბევრია, მაგრამ ახლა ის უნდა გითხრათ, თუ რა გვინდოდა ევროპაში, ოღონდ ყველაფერი სულ თავიდან უნდა დავიწყო და ორიოდ სიტყვით უნდა ვთქვა, რა არის სეპტუაგინტა და გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტი.  სეპტუაგინტა, ანუ ბიბლიის სამოცდაათის თარგმანი თუკი ბიბლიაზე მუშაობ, სულ ერთია რომელენოვან თარგმანზე, ან თუ ფილოლოგიის შესავალი გაგივლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაშასადამე, სეპტუაგინტა შენი ყოველდღიურობის ნაწილია.  თუ არც ერთ ზემოხსენებულ ...

გიოტინგენის ქრონიკები II – ლაგარდის სახლი და იოანე ზოსიმე

ჩემი პირველი მოგზაურობა გერმანიაში, ჩემდა გასაკვირად, და, ამასთანავე, სასიხარულოდ, საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. მოგზაურობას თან ახლდა შფოთვები, უსაფუძვლო შიშები, როგორებიცაა სიახლის, ფრენის, რაიმე ნივთის ანდა ჩემი თავის დაკარგვისა... თუმცა გამიმართლა და მარტოს არ მომიწია პირველად მოგზაურობა ევროპაში, მგზავრობისას ჩემი მთავარი მოვალეობა იყო, ლალი ვაშაყმაძეს და ნათია დუნდუას არ ჩამოვრჩენოდი (რაც არცთუ ისე ადვილი ამბავია).   მოკლედ, რადგან ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა, როგორც ნინო გიორგაძემ დამიწერა, პირველი გაევროპელება, ბლოგის დაწერაც მე დამევალა. მართალია, არ გამოვირჩევი ენაწყლიანობით, თუმცა ვეცდები, ჩემი თვალით დანახული გიოტინგენი თქვენც დაგანახოთ . უკვე იცით წინა ბლოგიდან  (იხ. გიოტინგენის ქრონიკები I – ტრანსკრიბირება, შოკოლადის პუდინგი და ორგანი ) , თუ რა იყო ჩვენი გერმანიაში გამგზავრების მიზეზი და მიზანი, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები . გაგვიმართლა, გიოტინგენში ყოფნა მოგვიწია ისეთ დროს, როცა შეგვეძლო ნათლად დაგვენახა სეზონის ცვლილება, ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ყოველ დილით ...

გიოტინგენის ქრონიკები I – ტრანსკრიბირება, შოკოლადის პუდინგი და ორგანი

სექტემბრის გიოტინგენი — დაფოთლილი, ჯერაც ღაჟღაჟა ბროწეულისფერი ფოთლებით, შიგადაშიგ მანდარინის ქერქის მსგავსად მომწვანო და მოყვითალო გრადაციებში გახვეული ხეები და ოქროსფერშერეული ნაძვები, მშვიდი შემოდგომის ქუჩები, ფერადი სახლები, შხაპუნა წვიმა, სველ ველობილიკზე მოშხრიალე საბურავები, ბაღები და უშველებელი მდელოები. ქალაქი, სადაც ლაგარდის სახლია და სადაც ერთი თვე მოგონებებს ვქმნიდი.  აეროპორტში ტაქსი 3 საათით ადრე დავჯავშნე და დათქმულ დროზე საათნახევრით ადრე მივედი. რომ გეკითხათ, არ ვღელავდი. თუმცა, მართლაც, არ ვღელავდი, უფრო აღტაცება და მომავალი ერთი თვის მოლოდინები მიპყრობდა.  ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის სახელობის ფონდში გრანტზე ( https://www.humboldt-foundation.de ) განაცხადი შევიტანეთ (საპროექტო წინადადება თავის თავში მცირე წინასწარმეტყველთა შემცველ ძირითად ხელნაწერთა პროგრამულ ტრანსკრიბირებას მოიცავდა), ჩვენი ხელმძღვანელის, პროფ. ანა ხარანაულის უშუალო ხელმძღვანელობით. ამავე უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა გრანტის წერა-შევსება-თარგმნის პროცესიც,...