გიოტინგენის პირველი საერთაშორისო კონფერენცია სეპტუაგინტას შესახებ: ბერძნული ფსალმუნნის Editio critica maior
დაბრუნება გიოტინგენში
ვინც ჩვენს ბლოგებს თვალს ადევნებს, თსუ-ის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრისა და გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტის თანამშრომლობის ისტორია უკვე კარგად ეცოდინება. ვისაც ეს ქრონიკები ჯერ არ წაუკითხავს, შეგიძლიათ, გადახედოთ: გიოტინგენის ქრონიკები I, გიოტინგენის ქრონიკები II, გიოტინგენური ქრონიკები III.
აქ კი მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან ჩვენს ცენტრსა და გიოტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტს შორის ჰუმბოლდტის ინსტიტუციური თანამშრომლობის სამწლიანი გრანტის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს: 2025 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ქართული ბიბლიის კვლევის ჯგუფის ცხრა წევრი გიოტინგენში ვიმყოფებოდით და მცირე წინასწარმეტყველთა ძველი ქართული თარგმანების ელექტრონული გამოცემის მომზადებაზე ვმუშაობდით.
თუმცა, ჩვენი თანამშრომლობა ამით არ შემოიფარგლება. ამჟამად გიოტინგენში მიმდინარეობს ფსალმუნთა წიგნის ახალი პროექტი, რომელიც 2020 წელს დაიწყო და 2041(!) წელს უნდა დასრულდეს. ეს ოცდაერთწლიანი პროექტი მიზნად ისახავს ბერძნული ფსალმუნნის ტექსტის ისტორიის შესწავლას და სეპტუაგინტას ფსალმუნთა და გალობათა ახალი Editio critica maior-ის მომზადებას, რომელიც ალფრედ რალფსის 1931 წლის პირველ გამოცემას ჩაანაცვლებს. საბოლოოდ, კრიტიკულად რეკონსტრუირებული ტექსტი ჰიბრიდული გამოცემის სახით გამოქვეყნდება – როგორც ბეჭდური, ისე ონლაინ ვერსიით.
სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად მიეცა შესაძლებლობა ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრს, მარიამ თხინვალელს, ერთი წლის განმავლობაში გიოტინგენში ფსალმუნის ქართულ თარგმანებზე ემუშავა, მისი პირველი ბლოგი ფსალმუნთა ფრაგმენტების შესახებ უკვე განთავსებულია გიოტინგენის სეპტუაგინტას ვებგვერდზე.
მე კი 2023 წელს ფელიქს ალბრეხტისგან, ბერძნული ფსალმუნნის ტექსტის გამოცემის ხელმძღვანელისგან, მივიღე თხოვნა, მათი პლატფორმისთვის დამემუშავებინა ქართული ფსალმუნნის რამდენიმე ხელნაწერი – A-38, Sin. 22 და Jer. 161 – და ასევე შატბერდის კრებულის (S-1141) ის ნაწილი, რომელშიც თეოდორიტე კვირელის ფსალმუნთა კომენტარებია დაცული. ტრანსკრიფციის დასრულების შემდეგ, 2024 წლის 9 დეკემბერს, ფელიქსისგან მივიღე მიწვევა 2026 წლის სექტემბერში დაგეგმილ კონფერენციაზე ფსალმუნის შესახებ. მაშინ ვიფიქრე: იქამდე რა იქნება, კაცმა არ იცის-მეთქი და ბოლომდე ვერც კი გავიაზრე, რამხელა პატივი და პასუხისმგებლობა მელოდა წინ.
ორმა წელმა თვალის დახამხამებაში გაიფრინა და აი, ჩვენი ხელმძღვანელი ანა ხარანაული და მე გავემგზავრეთ ჩვენი საყვარელი გიოტინგენისკენ სეპტუაგინტას პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია 2-4 სექტემბერს გაიმართა და ბერძნული ფსალმუნნის კრიტიკული ტექსტის გამოცემას მიეძღვნა.
გიოტინგენთან ხომ ჩვენი ჯგუფის თითოეულ წევრს თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ სრულიად არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო ანასთან ერთად ქალაქის ქუჩებში სიარული. ანა უკვე 30 წელია, გიოტინგენს თითქმის ყოველწლიურად სტუმრობს. სიმბოლურია, რომ პირველად გიოტინგენში სწორედ ფსალმუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა. მაშინ, როცა ჯერ კიდევ იწყებდნენ ფიქრს, რა მასალა უნდა შეეტანათ ფსალმუნთა ახალ კრიტიკულ გამოცემაში. დღეს კი ანა უკვე ამ გამოცემის კომისიის წევრია. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ძირძველი გიოტინგენელივით ზეპირად იცის, რომელ შენობაში რომელი ნობელიანტი ცხოვრობდა, რომელი კაფე რომლის იდეური კონკურენტია, რომელ საცხობში იყიდება ყველაზე გემრიელი ბრეცელი, რომელ საყასბოში – საუკეთესო ძეხვი და რომელ მაღაზიაში – ყველაზე მოდური ტანსაცმელი. თითქმის ყველაფერს თავისი ისტორია ახლდა, და ჩვენც დავმოგზაურობდით დროში მის მოგონებებთან ერთად.
კონფერენციის გახსნა
შემდეგ კი კონფერენციის გახსნის საზეიმო მიღება გაიმართა. შევხვდით ძველ მეგობრებს, გავიცანით ახალი კოლეგები და, როგორც ასეთ შეხვედრებს შეეფერება, საუბარიც და გაცნობაც მალევე გაგრძელდა უფრო არაფორმალურ გარემოში. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ეკლესიასტეს ბერძნული კრიტიკული ტექსტის გამომცემელთან, პიტერ ჯენტრისთან, კიდევ ერთხელ შეხვედრა. იგი მთელი საღამოს განმავლობაში სიამაყით ამცნობდა კოლეგებს, სეპტუაგინტას კრიტიკულ გამოცემებში ქართული მასალა პირველად მე და ნათიამ შევიტანეთო.
სამეცნიერო პროგრამა
მეორე დილას 9 საათზე დაიწყო სესიები გიოტინგენის ისტორიული ობსერვატორიის შენობაში: ზოგჯერ ორი სესია მიმდინარეობდა ერთმანეთის პარალელურად, ზოგჯერ გაერთიანებული სესიები იყო, დღის ბოლოს კი მთავარი ლექცია იმართებოდა, რომელსაც კონფერენციის ორგანიზატორი ფელიქს ალბრეხტი წინ ძალიან თბილ წარდგენას წარუმძღვარებდა.
მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია ერთ საკითხს – ფსალმუნთა ტექსტს – ეძღვნებოდა, მისი თემატიკა მეტად მრავალფეროვანი იყო. მხოლოდ ერთად დაჯგუფებული სექციებისთვის თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმის დასანახად, რამდენი განსხვავებული პერსპექტივით შეიძლება მივუდგეთ ერთსა და იმავე ტექსტს: სეპტუაგინტას ფსალმუნნი ქრისტიანულ ეგზეგეზაში, სეპტუაგინტას ფსალმუნთა თეოლოგიური მიდგომები, ლინგვისტური და მთარგმნელობითი პერსპექტივები, ტექსტუალური და ეგზეგეტიკური განზომილებები, სეპტუაგინტას ფსალმუნთა კოპტური ვერსიები, სეპტუაგინტას კვლევის ახალი მიმართულებები, სეპტუაგინტას ფსალმუნნი ბიბლიურ ტრადიციაში, თეოდორიტე კვირელის ფსალმუნთა კომენტარები, სეპტუაგინტას ფსალმუნნი ლიტურგიკაში, ფსალმუნთა ჰექსაპლა და მასთან დაკავშირებული ტექსტუალური ტრადიციები, სეპტუაგინტას ფსალმუნნი სირიულ და ლათინურ რეცეფციაში, სეპტუაგინტას ფსალმუნნი და ლუკიანურ-ანტიოქიური ტექსტი.
ეს ყველაფერი ისე კარგად იყო ორგანიზებული და საათივით აწყობილი, რომ მშვიდად შეგეძლო, ერთ პარალელურ სექციაში ერთი მოხსენება მოგესმინა, შემდეგ მეორეში გადასულიყავი მეორე მოხსენების მოსასმენად და ბოლოს ისევ პირველ სექციაში დაბრუნებულიყავი, რათა შენთვის საინტერესო მესამე მოხსენებას დასწრებოდი.
ჩემთვის გასაოცარი იყო ის მშვიდი გარემო, რომელიც ირგვლივ სუფევდა – ყოველგვარი მოულოდნელობისა და საორგანიზაციო სიურპრიზების გარეშე. გამახსენდა ჩვენი კონფერენცია „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“, რომელიც 2022 წელს ჩავატარეთ. მაშინ სულ 15 მონაწილე გვყავდა და მაინც რამდენს ვნერვიულობდით, რამდენ დეტალზე გვიწევდა ფიქრი და რამდენი რამ იყო გასათვალისწინებელი! აქ კი – დაახლოებით 70 მონაწილე და მხოლოდ ერთი ფელიქსი, რომელიც ყველაფერს აუღელვებლად აკონტროლებდა. გაკვირვებულმა ანას ვკითხე, როგორ ახერხებს-მეთქი ასეთ სიმშვიდეს. მან კი მითხრა, რომ თავისივე დიზაინით შექმნილი საკონფერენციო ბლოკნოტები და ბანერებიც კი ორი წლით ადრე ჰქონდა უკვე გამზადებულიო.
საორგანიზაციო საქმიანობაში ჩვენი მარიამიც იყო ჩართული. ფუნქცია-მოვალეობები იქაურ თანამშრომლებსა და სტუდენტებს შორისაც წინასწარ ჰქონდათ გადანაწილებული – ყველას თავისი კონკრეტული პოსტი და პასუხისმგებლობა ჰქონდა და ყველამ იცოდა, ვინ, სად და როდის უნდა ყოფილიყო. სწორედ ასეთი წინასწარი დაგეგმვის წყალობით იქმნებოდა განცდა, თითქოს ყველაფერი თავისთავად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ხდებოდა.
ჩვენ ყველანი, და განსაკუთრებით ანა, გულწრფელად ვგულშემატკივრობდით ფელიქსს, რადგან მან შეძლო და თითქმის დახურვის პირას მისული ცენტრი ახალი სიცოცხლით აავსო – სწორი ხედვით, დიდი ენერგიითა და დაუღალავი შრომით.
ანას მოხსენება The Textual Plurality of David’s Prayer: Ps. 17 and II Kgds. 22 in the Greek and Georgian Traditions (Prolegomena) („დავითის ლოცვის ტექსტუალური მრავალფეროვნება: ფსალმ. 17 და II მეფ. 22 ბერძნულ და ქართულ ტრადიციებში (პროლეგომენა)“) 4 სექტემბერს იყო დილის 9 საათზე გაერთიანებულ სესიაზე.
ამის შემდეგ ჩვენი პარალელური სესია დაიწყო, სადაც სამი მოხსენება იყო თავმოყრილი თეოდორიტე კვირელის ფსალმუნთა განმარტების შესახებ: 1. ვადიმ ვიტკოვსკიმ თეოდორიტეს სლავური თარგმანის შესახებ ილაპარაკა, 2. მე – შატბერდის კრებულში დაცული თეოდორიტე კვირელის ფსალმუნთა განმარტების დაჩისეული ქართული თარგმანის შესახებ, 3. ბოლოს კი იონათან გროსმა წარმოადგინა მოხსენება თეოდორიტე კვირელის ბერძნული წყაროების შესახებ.
ჩვენი სესიის ხელმძღვანელი ანეტ ფონ შტოკჰაუზენი (Annette von Stockhausen) იყო, რომელიც სევერიანე გაბალოვნელის თხზულებებზე მუშაობს. მეორე დღეს, თავის მოხსენებაში The Use of Psalms in the Homilies of Severian of Gabala („ფსალმუნთა გამოყენება სევერიანე გაბალოვნელის ჰომილიებში“), მან სინანულით აღნიშნა, რომ ქართული მასალა, სომხურისგან განსხვავებით, მათ პროექტში ჯერ არ არის წარმოდგენილი. იმედია, მომავალში ურთიერთობა დამყარდება აღნიშნულ ინსტიტუტთან და გამოჩნდება მკვლევარი, რომელიც ქართული მასალითაც გაამდიდრებს მათ გამოცემას (ეგებ ჩვენი ბლოგის წაკითხვისასაც კი გაუჩნდეს ვინმეს სურვილი?!).
კონფერენციის დახურვა
კონფერენციის დახურვის ვახშამი ქალაქგარეთ ტრადიციულ გერმანულ რესტორანში გაიმართა. იყო ირმის ხორცი, ერთმანეთის უკეთ გაცნობა და, რაც მთავარია, კიდევ უფრო დაახლოება.
ისე მოხდა, რომ სუფრაზე ჩემ გვერდით ისხდნენ ძალიან კარგი ამერიკელი ახალგაზრდები რაიან საიკსი (Ryan Sikes), რომელიც ამჟამად გიოტინგენში მუშაობს ფელიქსის პროექტში და რომელმაც საინტერესო მოხსენება წაიკითხა ფსალმუნთა სტიქომეტრიის შესახებ, და ძველი ენების პოლიგლოტი ბენჟამინ კანტორი (Benjamin Kantor). მას დისერტაცია დაცული აქვს ბიბლიური ებრაულის ყველაზე ადრეულ დადასტურებულ ტრადიციაზე, რომელიც ასახულია ორიგენეს „ჰექსაპლას“ ებრაული ტექსტის ბერძნულ ტრანსკრიფციებში, ახლა კი კემბრიჯის უნივერსიტეტშია ასისტენტ პროფესორი და ასწავლის კლასიკურ და თანამედროვე ებრაულს, იუდეურ-არაბულსა და შედარებით სემიტოლოგიას.
მეორე მხარეს თავად ფელიქსი მეჯდა, რომელიც გამუდმებით აქეთ-იქით დარბოდა, ცდილობდა, არავინ უყურადღებოდ არ დარჩენოდა. მოკლედ, ყველაფერმა გერმანული წესრიგითა და აკურატულობით ჩაიარა, ისე, როგორც 2024 წლის მიწურულს დაიგეგმა. :)
კონფერენციის ბოლო დღეს, შეჯამებისას, ფელიქსმა გვითხრა, მომდევნო შეხვედრა 2 წლის შემდეგ გაიმართებაო. მანამდე კი „საშინაო დავალებაც“ მოგვცა: წლის ბოლომდე კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები სტატიებად უნდა გარდავთხზათ და გავუგზავნოთ, რათა მომდევნო კონფერენციისთვის კრებული უკვე დაბეჭდილი იყოს.
ასე რომ, გიოტინგენის პირველი საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა, მაგრამ ჩვენი სამუშაო – არა. პირიქით, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.
ნათია დუნდუა








Comments
Post a Comment